ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ბლოგერ ჯანლუკა დი მარციოსთან ისაუბრა. საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოდგა, რომელშიც პარატიჩიმ კარლოს ტევესისა და კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მაროტას როლზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თვითონ არჩევდა, ხოლო მაროტა უბრალოდ თავისი გამოცდილებით ეხმარებოდა.
მაროტა – ვფიქრობ ერთმანეთს ძალიან კარგად ვავსებდით. იმ თვალსაზრისით, რომ მე ტექნიკური ნაწილი, სკაუტინგი, აგენტებთან ურთიერთობა და ფეხბურთელების შერჩევა მევალებოდა. შემდეგ მასთან ხდებოდა შეთანხმება, ის გამოცდილია, ფეხბურთელებს კარგად იცნობდა, მათ ციფრებს. კიდევ ვიმეორებ, კარგად ვიყავით შერწყმულნი. მე საბოლოო ეტაპზეც ვმოქმედებდი ის კი თავისი გამოცდილებით მეხმარებოდა, შეცდომის ნაკლები ალბათობა რომ ყოფილიყო.
ტევესი – მგონი ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ტრანსფერი. მოლაპარაკებებში თავად ტევესიც გახლდათ ჩართული. ჩვენ ტევესის ყიდვა მაშინაც გვინდოდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავდიოდით. როცა, დიდი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობენ, საქმე რთულდება, თუმცა, მან მაშინვე გვითხრა: დიახ, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის გარეშეც „იუვენტუსში“ მინდა თამაში. შემდეგ მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდით შეწყდა, მაგრამ კონტაქტზე მაინც ვრჩებოდით, რადგან ჩვენი მუდმივი მიზანი იყო ტევესის „იუვეში“ მოყვანა.
რონალდუ – კრიშტიანუს შემთხვევაში საქმე საკმაოდ მარტივი იყო, რადგან „იუვეში“ გადმოსვლა თავად მისი სურვილი იყო და მის დასარწმუნებლად ძალისხმევა საჭირო არ ყოფილა. დაახლოებით 25 მაისი იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ყველაფერი დაუყოვნებლივ გადაწყდა. მან თქვა: თუ „იუვეს“ უნდა, მე მხოლოდ „იუვეში“ თამაში მსურს“… როდესაც მენდეშს შევხვდით კანსელუს საკითხზე სასაუბროდ, მითხრა: არ დაიჯერებ, მაგრამ კრიშტიანუს „იუვეში“ თამაში უნდა. მე კი ვუპასუხე: მჯერა, მაგრამ ეს რთული იქნება. პრეზიდენტი ანიელი ჩვენი დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობს და ყოველთვის ჩვენთანაა. ერთხელაც მის ოფისში მივედი და ვეუბნები: მნიშვნელოვანი შანსი გვაქვს, ბოლომდე მომისმინე. კრიშტიანუ რონალდუ უნდა ვიყიდოთ… ეს შესანიშნავი სპორტული სიახლე იყო, მაგრამ მეორე მხარეც ჰქონდა. ერთი წუთი დაფიქრდა, ანიელიმ მითხრა: ნება მომეცი ვიფიქრო ერთი ან ორი დღე“. თუმცა, სამ საათში დამირეკა და შემდეგ ერთი დღის განმავლობაში კონტრაქტზე ვმუშაობდით „იუვენტუსისა“ და ფეხბურთელის ადვოკატებთან ერთად.