ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი რომიდან ამსტერდამში გაფრინდა, რომ კიდევ ერთი სამიზნის თამაში უშუალოდ ენახა.
იტალიური მედიის ცნობით, პარატიჩი „აიაქსისა“ და „რეალის“ მატჩს ჰოლანდიელთა 19 წლის კაპიტნის, მატის დე ლიხტის გამო დაესწრო. მოგეხსენებათ, ნიჭიერ ფეხბურთელს კარგა ხანია „იუვეს“ უკავშირებენ და მისი ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი ევროა.
დე ლიხტისთვის ბრძოლაში „ბებერი სინიორას“ მთავარ კონკურენტად კატალონიის „ბარსელონა“ სახელდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარატიჩი სამშაბათს, რომში, „რომასა“ და „პორტუს“ შეხვედრას ნიკოლო ძანიოლოს გამო დაესწრო.