ტურინის „იუვენტუსს“ „რომასა“ და იტალიური ფეხბურთელი ამომავლი ვარსკვლავის ნიკოლო ძანიოლოს დამატება უნდა. დღე არ გაივლის ისე, რომ ამ საკითხზე იტალიურ მედიაში ახალი ცნობები არ გაჩნდეს.
ძანიოლო „ფიორენტინას“ აკადემიაში გაიზარდა, მისი კუმირი „მილანის“ ლეგენდა კაკა იყო, თუმცა ბავშვობაში „იუვენტუსს“ ქომაგობდა. 19 წლის ფეხბურთელის დედამ, ფრანჩესკამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი შვილი ტურინული გუნდის ტიფოზი იყო ბავშვობაში. და, შესაძლოა, ეს ფაქტორი გადამწყვეტიც გამოდგეს.
Calciomercato საინტერესო წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, როგორ შეიძლება ძანიოლო „იუვენტუსში“ დამდეგ ზაფხულშივე აღმოჩნდეს.
„ძანიოლომ აგენტი შეიცვალა და „რომასთან“ კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება. ეს „ჯალოროსისთვის“ მომხიბლავი ამბავია, მაგრამ „იუვენტუსი“ არავისთვისაა უმნიშვნელო. განსაკუთრებით იმისთვის, რომელიც „ბიანკონერის“ ქომაგია ბავშვობიდან. როგორ შეიძლება ბიჭმა იგრძნოს თავი მაშინ, როდესაც საყვარელ გუნდში რონალდუსთან ერთად თამაშის შანსი უჩნდება? „ბებერ სინიორას“ ივნისში დიდი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა ექნება იანვრისგან განსხვავებით, როდესაც მარტო კასერესი დაიმატა.
რომში ბევრს სჯერა, რომ „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა ასეთ ტალანტს არ გაყიდის, თუმცა ეს ასე არაა. ჯეიმს პალოტას „რომას“ ისტორია გვეუბნება, რომ მას არასდროს უთქვამს უარი მისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვაზე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ძვირადღირებულ ტრანსფერს ეხება. დაფიქრდით იმ კაპიტალზე, რომლის მიღება „რომას“ შეუძლია. ვთქვათ, 50 მილიონი, რომელიც მთლიანად ბიუჯეტზე წავიდოდა, რადგან ძანიოლოს ტრანსფერი დაახლოებით, 4.5 მილიონი ევრო დაჯდა. „რომა“ ფულის ძებნაც აგრძელებს და არ შეეძლება უარის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს“, – წერია სტატიაში.