იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი ქალაქ ვიჩენცაში დაკრძალეს. ის ბოლო გზაზე უამრავმა ადამიანმა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა გააცილეს.
კლაუდიო ჯენტილე, ბრუნო კონტი, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, ანტონიო კაბრინი, ჯანკარლო ანტონიონი, რობერტო ბაჯო, დანიელე მასარო, ფრანკო ბარეზი, ჯუზეპე ბერგომი პაოლო მალდინი და სხვა ვეტერანი მოთამაშეები როსის დაკრძალვას ესწრებოდნენ.
როსი იტალიაში ნამდვილი ლეგენდა იყო. ის „იუვენტუსში“ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში გამოჩნდა, 1972-1975 წლებში, მაგრამ მაშინ მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან 19 წლისაც არ იყო. ტურინში როსი 6 წლის შემდეგ დაბრუნდა და 1981-1985 წლებში 138 მატჩში 44 გოლი გაიტანა და ტურინულ გრანდში ორჯერ იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ იტალიის თასის, ჩემპიონთა თასის, ევროპის სუპერთასისა და თასების თასის მფლობელი გახდა. 1982-1983 წლების სეზონში „იუვეს“ რიგებში ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო.
იტალიის ნაკრებში პაოლომ 1977-1986 წლებში 48 შეხვედრაში თავი 20-ჯერ გამოიჩინა. 1982 წლის მუნდიალზე კი 6 გოლი გაიტანა და იტალიელთა მსოფლიოს ჩემპიონობა განაპირობა. იმ ჩემპიონატზე როსი საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, ხოლო 1982 წელს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული „ოქროს ბურთიც“ მოიგო.
პაოლო როსი ბოლო პერიოდში იტალიის ტელევიზია Rai-ზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა.