მარტინ კასერესი ოფიციალურად „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმაც დაადასტურა.
კასერესი „იუვეში“ „ლაციოდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რომლის ღირებულებამ 600 ათასი ევრო შეადგინა. კასერესი მესამედ გახდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი.
პირველად 2009 წელს, როდესაც „ბარსელონადან“ იჯარით გადმოვიდა, მეორედ კი, 2012 წლის იანვარში, როდესაც შეთანხმება „სევილიასთან“ შედგა.
კასერესმა განვლილ წლებში 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი და 2-ჯერ იტალიის თასი. 110 თამაში ჩაატარა „იუვეს“ მაისურით და 7 გოლი გაიტანა.
ხსენებული შვიდი გოლი ასე ნაწილდება: 1 „ლაციოსთან“, 2 „მილანთან“, 2 „ნაპოლისთან“, 1 „ინტერთან“ და 1 „აველინოსთან“.