ტურინის „იუვენტუსს“ ტრავმების გამო დაცვის ხაზში პრობლემები შეექმნა. ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი სავარაუდოდ, ერთი თვე ვერ ითამაშებენ. განსაკუთრებით, სანერვიულო ბონუჩის საკითხია, რომელიც გუნდის ლიდერია და შესაძლოა, „ატლეტიკოსთან“ პირველ მატჩში ვერ ითამაშოს.
ამის ფონზე, მეჰდი ბენატიას ყატარში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. „იუვენტუსს“ ახლა დანიელე რუგანისა და ჯორჯო კიელინის იმედი უნდა ჰქონდეს. და, მარტინ კასერესის, რომლის ტურინელთა რიგებში დაბრუნება დღეს გაოფიციალურდება.
Tuttosport-ი წერს, რომ ურუგვაელი ერთადერთი ტრანსფერი იქნება იანვარში. როგორც ტურინული გამოცემა წერს, „იუვენტუსს“ სამი ცენტრალური მცველით ყოფნა „ატალანტასთან“, „პარმასთან“, „სასუოლოსთან“, „ფროზინონესთან“ და „ატლეტიკოსთან“ მოუწევს, ხოლო შემდეგ ბონუჩიც დაბრუნდება. სწრედ ამიტომ, გუნდში 5 მატჩის გამო მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ კიდევ ერთი მცველის ყიდვა. თანაც, გამოცემა წერს, რომ მატია დე შილიოსაც შეუძლია უკიდურეს შემთხვევაში ცენტრალურ მცველად თამაში.
ამავდროულად, გაიჟღერა ბრუნო ალვეშის გვარმაც. პორტუგალიელის დამატებაზე მუშაობა უკიდურეს შემთხვევაში დაიწყება. ამ ეტაპზე კი, პანიკისა და შიშის საფუძველი არ არსებობს…