მასიმილიანო ალეგრისა და ტურინის „იუვენტუსის“ გზები გაიყარა. ლივორნოელი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან „ბებერი სინიორას“ თავკაცის პოსტზე არ იმუშავებს.
„მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე მომავალი სეზონიდან აღარ იქნება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე ალეგრი და ანდრეა ანიელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლიდან წვრთნიდა და ამ პერიოდში 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი. ორჯერაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.