იტალიის სერია A-ს პირველი ტურის მატჩის წინ, რომელსაც „იუვენტუსი“ „პარმასთან“ გამართავს, მაურიციო სარის ნაცვლად, პრესკონფერენცია პაველ ნედვედმა გამართა. ჩეხი ვიცე-პრეზიდენტი ხვალინდელ მატჩზე მეტად, სატრანსფერო აქტივობებსა და გუნდის მიზნებს შეეხო.
„იუვენტუსს“ წელსაც გამარჯვება უნდა. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს გარდატეხის წელი არაა. სარი დიდ სამუშაოს ასრულებს, დაბრუნდება სანაკრებო პაუზის შემდეგ, ძალიან კმაყოფილები ვართ, გუნდი მას მიჰყვება. მანჯუკიჩი, იგუაინი და დიბალა? ყურადღებას თავდასხმაზე კი არა, არამედ გუნდზე გავამახვილებდი. დიდი კონკურენციაა და ყველა პროფესიონალი უნდა იყოს.
ლუკაკუ-დიბალას ჩაშლილი ბარტერი? ამ თემაზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი. ტრანსფერებით პარატიჩია დაკავებული. ნუ დაივიწყებთ დანილოსა და დემირალს, მაგრამ ასევე დიდი დანაკარგი გვქონდა კინისა და კანსელუს სახით. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ არ დახურულა და შესაძლებლობებს გამოვიყენებთ. თუ საჭირო იქნება გავაკეთებთ რაღაცას, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით იმ გუნდით, როგორც ახლა გვყავს. იკარდი? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ.
კონტე მაროტა? ანტონიომ „იუვენტუსის“ ისტორიაში როგორც ფეხბურთელმა და ისე მწვრთნელმა დაიკავა ადგილი, ორივე რანგში მოიგო ტიტულები. ვიცით, რამდენად ძლიერია, ისევე როგორც მაროტა. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს და ამიტომ გვინდა, გავიმარჯვოთ.
დიბალა? მისი დარჩენა არასდროს იქნება პრობლემა, დიდი ფეხბურთელია და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან თამაშბს. იგუაინი? მსოფლიოს ორ-სამ საუკეთესო ცენტრფორვარდებში შედის, კმაყოფილნი ვართ, რომმ აქაა და მანაც კარგი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გაიარა.
ცხადია, ჩვენი მიზანი ყოველწელს ყველაფრის მოგებაა. მთავარი კი ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ ამით შეპყრობილები არ ვართ. ვფიქრობ, ევროპის საუკეთესო გუნდებში ვართ“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „პარმასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 24 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.