ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო.
ანდრეა პირლოს გუნდი აგრძელებს ქულების განიავებას და შესაძლოა, სეზონის ბოლოს ეს ქულები ძალიან ძვირად დაუჯდეს. ახლა სკუდეტოზე ფიქრი ძალიან ადრეა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებაც უჭირს.
„ატალანტასთან“ „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზამ ულამაზესი გოლით დააწინაურა. მან სერია A-ში შავ-თეთრი მაისურით პირველად გაიტანა. მეორე ტაიმში „იუვეს“ შეეძლო მეორე გოლი გაეტანა და ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ ალვარო მორატამ გოლინის პირისპირ ვერ აჯობა. გამოუყენებელი მომენტის გამო „იუვე“ დაისაჯა და რემო ფროილერმა ულამაზესი დარტყმით წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინა.
ცოტა ხანში კიეზამ პენალტი მოიპოვა, რომელიც რონალდუმ საშინლად შეასრულა და გოლინიმ აიღო. შემდეგ უკვე „ატალანტას“ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ვოიცეხ შჩესნი ყურადღებით იყო.
მომენტები „იუვენტუსსაც“ ჰქონდა, განსაკუთრებით ორი ეპიზოდია გამოსარჩევი. მორატამ ხელსაყრელი პოციიდან ვერ გაიტანა, გოლინი იყო ფანტასტიკური, ხოლო შემდეგ „ატალანტას“ მეკარემ დანილოს აჯობა და მატჩი ფრედ დასრულდა.
12 თამაში მხოლოდ 6 მოგება და 6 ფრე. „იუვენტუსმა“ სერია A-ში მდგომარეობა მალე უნდა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მინიმუმ 9-წლიანი ჰეგემონია ნამდვილად დასრულდება.
„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 1:1 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; კუადრადო, მაკკენი, არტური (რაბიო 27), ბენტანკური, კიეზა (ალექს სანდრო 75); მორატა (დიბალა 84), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ჯიმსიტი, რომერო, პალომინო; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პესინა (გომესი 53), მალინოვსკი (მირანჩუკი 71); ძაპატა (მურიელი 71)
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი
გოლები: 1:0 კიეზა (29), 1:1 ფროილერი (57)
გაფრთხილება: დე ლიხტი (36), მორატა (60), მაკკენი (80) – რომერო (38), დე რუნი (52)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 14(6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: დანიელე დოვერი