ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ კლუბში განხორციელებულ ცვლილებებზე იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მოჯის აზრით, სარიმ გაცილებით ადრე იცოდა გათავისუფლების შესახებ, ვიდრე ეს ოფიციალურად გამოაცხადეს.
„პირლო რისკია? ეს არ არის კრიტიკა ან შეურაცხყოფა, ეს არის დასაწყისი და სჭირდება კომპანია, რომელიც მას მხარს დაუჭერს. ახლა ხელმძღვანელობას ევალება დაასრულოს ტექნიკური პროექტი, შექმნას უფრო ჰარმონიული გუნდი, რომელსაც ეყოლება მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მაგრამ ასევე ისინი, ვინც შეძლებენ პირლოს თამაშთან ადაპტირებას. მიუხედავად რონალდუსა და დიბალასა, „იუვეს“ შეტევა ჩემპიონატში მესამეა, დაცვა მეხუთე, ამიტომ ამ გუნდთან სამუშაოა. პირლოს აქვს განსხვავებული იდეა სარისგან, სჭირდება განსხვავებული ნახევარდაცვა.
სარის შეცვლა? სარიმ ოფიციალური გამოცხადებიდან მინიმუმ ხუთი დღით ადრე იცოდა გათავისუფლების შესახებ, „იუვენტუსმა“ დაადასტურა, რომ მართალი იყო. ამ მომენტში კლუბმა გააცნობიერა, რომ შეტევა და დაცვა არ მოქმედებდა ისე, როგორც საჭიროა და ამის გათვალისწინებით სარის გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობდა“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი 8 აგვისტოს გაათავისუფლა და იმავე დღეს 2-წლიანი კონტრაქტი ანდრეა პირლოს გაუფორმა.