ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ ანდრეა ანიელის მასიმილიანო ალეგრის შენარჩუნება ურჩია. მისი განცხადებით, „იუვენტუსის“ ჩაგდებულ სეზონზე საუბარი სასაცილოა.
„მე გაყოფილი ვარ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის, რადგან ყველაზე დიდი კმაყოფილება ამ ორ გუნდში მივიღე. დე ლაურენტისთან კონტაქტი არ მაქვს, ანიელისთან კი. მისთვის არაფერი მირჩევია, მაგრამ ჩემი აზრით, ალეგრი უნდა შეინარჩუნოს.
როდესაც „იუვეს“ კატასტროფაზე საუბრობენ, მეღიმება. ჩემპიონთა ლიგის კომპლექსი? არა, „აიაქსი“ უბრალოდ უფრო ძლიერი იყო. საწყისი 15 წუთი ჰოლანდიელებს შიში ჰქონდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ თამაში შეეძლოთ და დამსახურებულად გაიმარჯვეს“, – განაცხადა მოჯიმ.