ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი კლუბში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. თურქული Fanatik-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი კონკრეტულად სათამაშო დროითაა უკმაყოფილო.
დემირალი ლეონარდო ბონუჩისა და მატიას დე ლიხტის კონკურენციას ვერ უძლებს და ძირითადად სათადარიგო სკამზე უწევს ყოფნა. ამას დეკემბრის დასაწყისში ტრავმაც დაერთო.
მერიჰს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს და ამიტომაც, მისთვის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია, რომ კარგ ფორმაში იყოს და ზაფხულში თურქეთის ნაკრებს გამოადგეს. თურქული გამოცემა წერს, რომ დემირალი გუნდის დატოვების საკითხსაც განიხილავს.
ამის მიუხედავად, იანვარში მისი წასვლა თითქმის გამორიცხულია, რადგან „იუვეს“ მცველებში ისედაც პრობლემა აქვს, რაც ჯორჯო კიელინის ქრონიკული ტრავმებითაც არის განპირობებული.
მიმდინარე სეზონში თურქმა მცველმა „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 9 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.