ტურინული დერბი „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ამ შემთხვევაში თამაშის ხარისხი მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უფერული 90 წუთი „ბებერი სინიორას“ შესრულებით და ერთადერთი გოლი თითქმის არაფრიდან.
„ტორინომ“ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ „იუვეს“ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამი ქულა მოეპოვებინა. ერთადერთი გოლიც მასპინძელთა შეცდომას მოჰყვა. სიმონე ძაძამ მეკარეს ცუდ ვითარებაში უხერხულად დაუბრუნა ბურთი, მას მარიო მანჯუკიჩმა დაასწრო და „ტორინოს“ კიპერმა ხორვატი წააქცია.
პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს იყო და ეს. სხვა ღირებული პირველ ტაიმში შექმნილი მომენტია, როდესაც კრიშტიანუს სალვატორე სირიგუმ აუღო მაგარი ბურთი. ალეგრიმ კი მთელი თამაშის განმავლობაში ერთი ცვლილებაც არ გააკეთა… ყველაფერი გასაგებია, მაგრამ „იუვენტუსი“ გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს მოედანზე და ალბათ, ეს იყო ხარისხის მხრივ სეზონის ყველაზე ცუდი შეხვედრა. თუმცა, ეს უკვე წარსულია.
ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ მორიგი, მე-15 გამარჯვება იზეიმა და უპირატესობა განიმტკიცა. „ნაპოლისთან“ სხვაობა უკვე 11 ქულაა. ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ ნეაპოლელები მე-16 ტურის შეხვედრას ჩაატარებენ.
„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)
ტურინი, „გრანდე ტორინო“
„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ (იჩაზო 21); იცო, ნ’კულუ, კოფი; აინა (ბერენგერი 85), მეიტე, რინკონი, ბაზელი, ანსალდი (პარიჯინი 76); ძაძა, ბელოტი
მწვრთნელი: ვალტერ მაძარი
„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლი: 0:1 რონალდუ (70, პენ)
გაფრთხილება: ძაძა (27), ანსალდი (72) – პიანიჩი (48), ემრე ჯანი (51), პერინი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: მარკო გუიდა