ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, ეს მატჩი იტალიის თასის 1/8 ფინალის ეგიდით გაიმართება.
სარიმ ძირითადად გუნდში არსებულ ვითარებაზე და კონკურეტულად ფეხბურთელებზე ისაუბრა.
„დე ლიხტი, როგორც ბოლო პრესკონფერენციაზე ვთქვი, უკეთაა და ეს რომში თამაშმა დაადასტურა. რუგანი, როგორც ჩვენმა დირექტორმა თქვა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ.
სამი დღის წინ ვითამაშეთ, რომელშიც ბევრი ნერვიულობა მოგვიწია და მენტალურად ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ჩვენი მიზანია იტალიის თასზეც ბოლომდე მისვლა, რადგან, სადაც ვთამაშობთ, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია და ჩვენი სამიზნეა. უნდა ვიპოვოთ მოტივაცია.
ემრე ჯანს სამცველიან ტაქტიკაში შეუძლია დაცვაში თამაში, როგორც ამას ნაკრებში აკეთებს, მაგრამ 4 მცველიან სქემაში ადაპტაციისთვის ოდნავ მეტი დრო დასჭირდება. რონალდუ კარგადაა, მან გადაჭრა პატარა ფიზიკური პრობლემა, რომელიც ჰქონდა. ციფრები მასზე სრულად საუბრობენ. ხვალ მასთან ვისუაბრებ და გავიგებ რამდენ დროს ითამაშებს.
პიაცასთვის სათამაშო დრო თუ მოიძებნება, ძალიან გახარებული ვიქნები, ეს არის ბიჭი, რომელსაც უნიკალური უიღბლობა ჰქონდა, მას დიდი პოტენციალი აქვს.
ვფიქრობ, რომ ბუფონი ითამაშებს, ეს ნორმალური და სწორია. ეს, ასევე იმის გამო ხდება, რომ ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენთვის ფუნდამენტური რესურსია მოედანზე და მოედანს მიღმა. ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში.
სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, წელს რომის სტადიონის საფარი უკეთესია, ვიდრე წინა წლებში. ვფიქრობ, აქ ვერავინ იტყვის, რომ დემირალისა და ძანიოლოს ტრავმები გაზონის ბრალია. დინამიკის დანახვისას, მეეჭვება ამის საფუძველი იყო.
დიბალასთან ყოველდღე ვსაუბრობ, რადგან ეს ძალიან მომწონს. დღეს ვესაუბრე იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობს თავს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ძლიერი თავდამსხმელები გვყავს, ეს არის დიდი რესურსი და არა პრობლემა.
მე ასევე ვესაუბრე ბერნარდესკის და ის ძალიან კმაყოფილია, რომ ნახევარდაცვაში დაწევას ვუპირებ. ამას ენთუზიაზმით აკეთებს და შესანიშნავად დაიწყო. მას აქვს თვისებები ამ როლში სათამაშოდ.
რაბიო ცენტრალურ მარჯვენა ნახევარდამცველის პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს. ის ვითარდება და ადაპტირებას ახდენს. რთული დასაწყისის შემდეგ კარგ დონეს უბრუნდება.
დემირალი რამდენიმე თვეში ძალიან წინ წავიდა, დაამტკიცა, რომ მზად იყო „იუვენტუსისთვის“. სამწუხაროა, რომ „იუვეში“ პირველი გოლის შემდეგ ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო.
კიელინი ჯერ კიდევ სამედიცინო პერსონალის ხელშია. კმაყოფილი ვართ იმ ბილიკით, რომელსაც გადის, მაგრამ ეფექტურობას რაც შეეხება, ეს ჯერ შესაფასებელია“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.