ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ თამაში შეაფასა და და შედეგით კმაყოფილი დარჩა. თუმცა, თამაშის ხარისხის კუთხით ნაწილობრივ.
„ძალიან კარგად ვითამაშეთ ერთი საათი. „რომა“ ტექნიკური გუნდია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. რაც არ მომეწონა, ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა იყო. შეგვეძლო მეტიც გაგვეტანა, კონტრშეტევებზე უკეთ რომ გვეთამაშა. ბედნიერები ვართ, რადგან ძალიან რთულ ბრძოლაში მოვიგეთ.
რაბიო და რემზი? ამ მომენტისთვის ისინი კარგად თამაშობენ, ვითარდებიან. თამაშიდან თამაშამდე რაღაც მხრივ უმატებენ და ორივეს გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი არაა. აარონი შესანიშნავი თვისებების ფეხბურთელია, „არსენალში“ სეზონში 6-7 გოლი გაჰქონდა, ეს მის დნმ-შია. უელსელისთვის აქ თამაში ადვილი არაა, გარდა ამისა, სეზონის დასაწყისში ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე სეზონის მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშებენ.
დაცვითი ფაზა? მატჩის ფინალურ ნაწილშიც დაცვით ფაზაში კარგად ვითამშეთ, მაგრამ ძალიან უკან ვიჯექით და ეს სახიფათო იყო. ვფიქრობ, სხვა მატჩებთან შედარებით მაინც უარესი იყო დაცვაში თამაში. მირჩევნია კარიდან 30 მეტრის მოშორებით დავიცვათ თავი, მაგრამ ასეთი სიტუაციაა და სათამაში სქემის შეცვლაც მომიწია.
4-3-3-ზე გადასვლა მეორე ტაიმში? „რომა“ ფლანგებს კარგად ავითარებდა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სქემა შეიცვალა. გარდა ამისა, ცენტრში ვერ ვახერხებდით სათანადოდ თამაშს და აზრი არ ჰქონდა ძველ სისტემაზე დარჩენას. კიდევ ერთი მოტივი დუგლას კოშტაა, ის უფრო 4-3-3-ის ფეხბურთელია, ვიდრე 4-3-1-2-ის, მაგრამ დღეს კარგ კონდიციაში არ იყო.
დიბალას გაბრაზება შეცვლის მომენტში? პაულო კარგად მუშაობს და როდესაც ბრაზდება, შემდეგ მოედანზე კარგად პასუხობს ამ სიტუაციას. ეს ნორმალურია, არასდროს არავინ მინახავს ბედნიერი შეცვლით, თუ 90-ე წუთი არაა და მანამდე ჰეთ-თრიქი არ შეასრულა. მისგან არაფერი მეწყინება.
დემირალი? სამედიცინო გამოკვლევამდე პასუხი არ გვეცოდინება, მაგრამ პირველად განცდით, ტრავმა სერიოზული ჩანს“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 48 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი შუა კვირაში იტალიის თასზე ჩაატარებს.