ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლიონთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ „ლიონი“ ძლიერი გუნდია და რთული თამაში იქნება, მაგრამ დაუმარცხებელი არაა.
„ხვალ სიმსუბუქე დაგვჭირდება. „ლიონს“ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს კონტრშეტევებისთვის, რთული თამაში იქნება, მაგრამ „ლიონის“ დამარცხება შესაძლებელია. ჩვენი მიზანი „რვათა ფინალში“ მოხვედრაა, რაც იქნება იმის დასტური, რომ ევროპული ფეხბურთის ელიტაში ვართ.
დიბალა? ვეცდებით ხვალ დილამდე გამოვაჯანმრთელოთ, ამ წუთისთვის ისევ ექიმების ხელშია. ვნახოთ იქნება თუ არა მზად, ექიმებსაც დაველაპარაკები. კუადრადო ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება, მაგრამ ვნახოთ დაცვაში თუ შეტევაში. რონალდუმ ვარჯიშზე საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, ვფიქრობ, მენტალურად საუკეთესო ფორმაშია. მან რამდენიმე დღე სამართლიანად დაისვენა.
ჩემი მომავალი? ამ კითხვით კლუბის მენეჯრებს უნდა მიმართოთ. ვფიქრობ, რომ მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან ვმუშაობ. მათ სიტუაცია შეაფასეს და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული ექნებათ.
გულშემატკივრების გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კიდევ უფრო არ იქნება ლამაზი, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურნირია. ვიმედეოვნებ, რომ ქომაგები რაც შეიძლება მალე მოახერხებენ სტადიონზე დაბრუნებას.
ბედნიერები ვართ, რომ სკუდეტო მოვიგეთ. ალბათ ეს იყო ყველაზე რთული სეზონი სერია A-ს ისტორიაში. გამარჯვება ყოველთვის არაჩვეულებრივი მოვლენაა და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენს ირგვლივ პესიმიზმია? არაფერს ვკითხულობ და არაფერს ვუყურებ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.