ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ქულების მოპოვება ადვილი არაა და მისმა გუნდმა კარგი თამაში უნდა ჩაატაროს.
ქულების მოსაპოვებლად კარგი თამაში
„რთული თამაში გვაქვს, რადგან ევროპაში თუ კარგად ვერ ითამაშებ, ქულებსაც ვერ მოიპოვებ. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა პირველი ადგილით, მაგრამ ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება, რომ ამ ტურნირზე დარჩეს. შესაბამისად, კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ჩვენს თამაშზე და ამის შემდეგ შევძლოთ შედეგის მიღწევა.
„იუვეს“ პირველი თვეები
შედეგების კუთხით ამ დრომდე ყველაფერი კარგადაა, რადგან ბევრი ქულა მოვიპოვეთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე შიდა ჩემპიონატში. გასულ სეზონთან შედარებით ყველაფერი განსხვავებულია, ბურთს ვაკონტროლებდით, კარში ხშირად ვურტყამთ. არ ვართ ყოველთვის საუკეთესოები, მაგრამ გუნდს ახალი ანაბეჭდი აქვს. მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ ამ დრომდე მიღწეულით კმაყოფილი ვარ. სიახლეები ყოველთვის იწვევს ინტერესს და სტიმულს, ამიტომ, ბუნებრივია ფეხბურთელების ჩართულობა ამაში.
„ლოკომოტივი“
ძნელია კონტრშეტევაზე იპოვნო სივრცე, როდესაც მეტოქე მჭიდროდ საკუთარი საჯარიმოს წინაა განლაგებული. შესაბამისად, ხშირად ეს ყველაფერი ინდივიდუალური ოსტატობით წყდება. საბედნიეროდ ჩვენ დიდი ფეხბურთელები გვყავს.მჯერა, რომ ახლა უფრო აგრესიულად და განსხვავებულად ვითამაშებთ.
იგუაინი, დიბალა და ფეხბურთელების როტაცია
ბიჭებმა თავიდანვე იცოდნენ სიტუაცია, ორივეს სურდა გუნდში დარჩენა და იცოდნენ, რომ ერთად თამაში გაუჭირდებოდათ. თუ მოახერხებენ ამას, მე პირველი ვიქნები, ვინც ბედნიერი იქნება. როგორ უნდა გაუმჯობესდეს იგუაინი? ეს გუნდური საკითხია და ამ ეტაპზე დაცვაში პრობლემები გვაქვს, უნდა მოვუმატოთ. შარშან მან „იუვეში“ პერსონალური მარცხი განიცადა და ახლა დაბრუნდა, რომ თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
დე ლიხტის კონდიციები
დე ლიხტი არ იყო სათამაშო კონდიციაში და კოჭის მოსაშუშებლად რამდენიმე დღე სჭირდება. ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს მის ადგილზე, რუგანი თუ დემირალი.
დუგლას კოშტა ძირითადში?
თუ ძირითადში დაიწყებს, 90 წუთის თამაში არ შეუძლია, რადგან ახლახან გამოჯანმრთელდა. ამჟამად მას მხოლოდ თამაშის გარკვეულ ნაწილში შეუძლია მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 6 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.