ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბრეშასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი იზრდება, მაგრამ დაცვით ფაზაში მოსამატებელი აქვთ.
„ჩვენ გავაკონტროლეთ თამაში, მაგრამ დაცვით ფაზაში უნდა მოვუმატოთ. მიუხედავად ამისა, პროგრესი დავინახე. ბევრი მომენტი გვქონდა ცოცხალი გუნდის წინააღმდეგ და არცთუ ისე ადვილ გარემოში. 4-3-1-2 თუ 4-3-3? ვფიქრობ, ამ მომენტში ორივე ტაქტიკური მონახაზისთვის მზად ვართ. ახლა ფლანგებზე პრობლემები გვაქვს, მაგრამ თუ ერთ თვეში ყველა ფორმაში იქნება, მაშინ შეგვეძლება სქემის შეცვლა.
კუადრადოს შეყვანას მეორე ტაიმში ვაპირებდი, მაგრამ დანილოს ტრავმის გამო თავიდანვე მომიწია. ის კარგ ფორმაში იმყოფება.
დიბალამ ყველაფერი კარგად გააკეთა, რემზისთან სწრაფად კომბინირებდა. შემდეგ მცირე დაზიანების გამო შევცვალეთ, ვნახოთ რა მოხდება.
შემადგენლობა? ყველაფერი სეზონის შესაბამის მომენტზეა დამოკიდებული. თავიდან დუგლას კოშტას ვიყენებდი, ახლა შემტევი ნახევარმცველები გამოვიყენე. ჩვენ გვყავს რემზი, რომელიც ამ მომენტში ყველაზე შესაფერისია. ამ პოზიციაზე დიბალასაც შეუძლია თამაში მიუხედავად იმისა, რომ მე თავდამსხმელად უფრო მომწონს.
დე ლიხტი? იზრდება. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, სხვა რეალობაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით თავისი ადგილი არ უპოვია, მიუხედავად იმისა,რ ომ ფენომენია და იტალიურსაც სწავლობს. კულიბალიც ფენომენია, მაგრამ მასაც დასჭირდა დრო ადაპტაციისთვის“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა.