ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი გუნდში რჩება. ფრანგს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ფრანგმა Le Figaro-სთან თქვა, რომ ხელშეკრულება ერთი წლით უკვე გააგრძელა. შესაბამისად, „იუვეში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„აქ ვრჩები, ჩემს კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვით ერთი წლით დარჩენა კიდევ შემეძლო და კლუბმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთ სეზონს ისევ აქ ვითამაშებ.
ეჭვი არასდროს შემპარვია, რადგან ყველას მხრიდან ნდობას ვგრძნობდი. ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ და ასევე ვფიქრობ ოჯახზე, რომელსაც ტურინული უყვარს“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს და 118 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.