ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფროზინონესთან“ (2:0) მატჩი შეაფასა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მძიმე თამაში მოსალოდნელი იყო.
მდგომარეობა კი იმან უფრო გაართულა, რომ მისმა გუნდმა სწრაფი გოლის გატანა ვერ მოახერხა:
„მსგავსი მატჩი მოსალოდნელი იყო. ჩვენ წინა თამაში 70 წუთი 10 ფეხბურთელით ჩავატარეთ და ამას ჰქონდა მნიშვნელობა. ეს იმ ტიპის შეხვედრა იყო, რომლებშიც სწრაფად თუ ვერ გაიტან, სიტუაცია უფრო რთულდება. მაგრამ, ჩვენ ყოჩაღად ვიმოქმედეთ, რადგან „ფროზინონეს“ საჯარიმოსთან ბევრი დრო გავატარეთ, შევინარჩუნეთ სიმშვიდე და მივაღწიეთ მიზანს.
პირველ ტაიმთან შედარებით მეორე ნახევარში უფრო მეტად შევუტიეთ. ამაში ბერნარდესკი დაგვეხმარა, რომელიც ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში. დიბალა? მას სჭირდება თამაში, რომ ფორმაში შესვლა მოახერხოს და საკუთარი თამაში იპოვოს. დღეს იყო დადებითი მომენტები, მაგრამ შრომა უნდა გააგრძელოს.
ჩვენი მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თამაში უკვე წააგო. ახლა მთავარია, რომ ნეაპოლელებთან თამაშს ცხრილში პირველ ადგილზე შევხვდეთ“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება. იქამდე კი, „იუვე“ 26 სექტემბერს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.