მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსის“ ქომაგებს 4 წლის განმავლობაში თავი შეაყვარა. ხორვატი მოედანზე ბრძოლისუნარიანობით და ბოლომდე დახარჯვით გამოირჩეოდა.
გასულ სეზონში მას კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივეს, რაც თავისთავად განსხვავებულ დამშვიდობებას გულისხმობდა, ქომაგების სიყვარულით, მაგრამ მაურიციო სარის გუნდში მოსვლამ ყველაფერი შეცვალა.
მანჯუკიჩი გუნდიდან უბრალოდ გაქრა და მისი წასვლა ზამთარში გარდაუვალია. აღსანიშნავია, რომ მარიოს ურთიერთობა პრაქტიკულად თანაგუნდელებთანაც აღარ აქვს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი კონტინასას ბაზაზე იმ პერიოდში მიდის, როცა მისი თანაგუნდელები იქ არ იმყოფებიან და არ ვარჯიშობენ. მარიო კი, ინდივიდუალურად ემზადება. ეს სიტუაცია საკმაოდ გულდასაწყვეტია, რადგან მანჯუკიჩს 2015-2019 წლებში შავ-თეთრი მაისურით თავი ნამდვილად არ დაუზოგავს.