დანიელე რუგანისთვის სეზონი ძალზე წარუმატებლად დაიწყო და „იუვენტუსის“ შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება. ამას ისიც დაემატა, რომ გუშინ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აშშ-სთან ამხანაგურ შეხვედრაშიც არ ათამაშა და მას ფრანჩესკო აჩერბი ამჯობინა, რომელიც შეკრებაზე მოგვიანებით, ტრავმირებული ფეხბურთელის ნაცვლად გამოიძახა.
ასეთი სიტუაცია როგორც ჩანს, აუტანელი გახდა ფეხბურთელისთვის და მამამისმა, უბალდო რუგანიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„არაფრის თქმა საჭირო არაა, ეს სახე ყველაფერს მოგახსენებთ (რუგანის ფოტო დაურთო სტატუსს – ავტ). თუმცა, ცოტა ხანში ეს ისტორია დასრულდება. ჩვენ დავიბრუნებთ ინტერესს და იმას, რასაც ვიმსახურებთ. ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იტალიელი მცველია“, – დაწერა რუგანის მამამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს იტალიური მედია წერდა რუგანისა და „იუვეს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ამჟამინდელი ვითარებით 2021 წელს იწურება.
თუმცა, ახლა აპენინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუგანის ტურინის დატოვება უნდა და სწორედ ეს იგულისმა უბალდო რუგანიმ სიტყვებში – „ცოტა ხანში ეს ისტორია დასრულდება“.