ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ Daily Mail-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის დროზე „იუვენტუსი“ როი კინის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო.
ლიპიმ ასევე აღნიშნა, რომ „ტოტენჰემი“ იწვევდა, მაგრამ „იუვე“ მისთვის ისეთივე გუნდი ყო, როგორც ალექს ფერგიუსონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“.
„დიახ, მე ძალიან ახლოს ვიყავი „ტოტენჰემთან“, როდესაც „იუვეში“ ვმუშაობდი. ძალიან გულწრფელები იყვნენ და ჩემს შვილთან, დავიდესთან ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ იმ დროს მე არ მინდოდა ტურინისა და „იუვენტუსის“ დატოვება. „იუვე“ ჩემთვის იყო იგივე, როგორც ფერგიუსონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“: ერთადერთი კლუბი, რომელიც მიყვარდა.
ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობდი და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი. ვიღაცამ მითხრა, რომ ფერგიუსონიც ვერ საუბრობდა ინგლისურად ძალიან კარგად, რადგან შოტლანდიელი იყო.
როი კინი მიყვარდა. ის ძალიან ახლოს იყო „იუვესთან“, მაგრამ მოგვიანებით მოლაპარაკება ჩაიშალა. ასევე ძალიან მიყვარდა სქოულზი, ვისაც ყოველთვის ვათამაშებდი“, – თქვა ლიპიმ.