ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა სტეფან ლიხტშტაინერმა Tuttojuve-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად მის ყოფი გუნდზე საუბარს დაეთმო. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა მესაათედ მუშაობს, ბევრი საინტერესო რამ თქვა.
– ყველამ არ იცის, რომ სტეფან ლიხტშტაინერის ცხოვრებაში ახალი სამუშაო გაჩნდა. გვითხარით, როგორ გაჩნდა თქვენი გატაცება?
– საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე ახალი გამოცდილების მოსინჯვა, რათა ჩემი კულტურული ფონი გამემდიდრებინა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე თუ გვიან, კვლავ დავბრუნდები საფეხბურთო სამყაროში. დღეს სტაჟიორი ვარ, ყოველთვის მქონდა საათების გატაცება და მინდა აღმოვაჩინო ყველა საიდუმლოება, რომელიც ამ პროფესიას ეკუთვნის.
– უკვე გადაწყვიტეთ საფეხბურთო სამყაროში რისი გაკეთება გსურთ?
– ჯერ არ გადამიწყვეტია. მსურს, ახალგაზრდული სექტორიდან დავიწყო და გამოცდილება მივიღო, რათა მაღალ დონეს მივაღწიო.
– არის „იუვეში“ საათი, რომელიც არ მუშაობს?
– „იუვე“ იმ ეტაპზეა, როდესაც ახალ გამარჯვებულ ციკლს აშენებენ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო დრო, როდესაც გუნდს გაუჭირდებოდა. სამწუხაროდ, ფეხბურთში შეუძლებელია ყოველთვის გამარჯვება. ჩემი აზრით, ჭიქას ნახევრად სავსე უნდა დავინახოთ. გუნდმა სუპერთასი უკვე მოიგო და იტალიის თასის მოგების შანსიც არის. ისე არ არის, რომ სახლში ტიტულს ვერ მიიტანენ. შევეჩვიეთ სკუდეტოებს, მაგრამ მისი მუდმივად მოგება ადვილი არ არის.
– ახალი ციკლი, რომელიც სხვათა შორის, თქვენმა „იუვემ“ 2015 წელს განაახლა, პაულო დიბალას მსგავსი ახალგაზრდის ყიდვით დაიწყო…
– უნდა ითქვას, რომ „იუვე“ წლების განმავლობაში ყოველთვის იცვლება, ოდნავ მაინც. ის სეზონი ცუდად დავიწყეთ და ვიფიქრეთ, რომ ციკლი დაიხურა, მაგრამ სანაცვლოდ ჩემპიონობა მოვახერხეთ. მე ვხედავ ძალიან ბევრ კრიტიკას და უსამართლოს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საუბარი ყოველთვის ძალიან მარტივია. საჭიროა ფაქტები, რადგან ამ მენეჯმენტმა ყოველთვის დიდ შედეგებს მიაღწია.
– გამოდის, „იუვეს“ მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხარით ამ წლების გამარჯვებისთვის?
– გეთანხმებით, მაგრამ ამისთვის მადლობა საჭირო არ არის. ვფიქრობ, რომ ტიფოზები „იუვეს“ ყოველთვის უნდა გულშემატკივრობდნენ, თუნდაც ასეთ რთულ მომენტებში. სამწუხაროდ, ამის გაკეთება სტადიონიდან ახლა შეუძლებელია. ეს იყო ბიძგი, რომლის გარანტია სტადიონს შეეძლო. ჩემი აზრით, „იუვე“ „პორტუს“ გაივლიდა გულშემატკივრები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთ სიტუაციებთნ შეგუება გვიწევს.
– ალბათ, ზოგიერთ გულშემატკივარს აღარ სჯერა ამ ხელმძღვანელობის…
– ახალი ციკლის დაწყება ძალაშია. ჩემპიონთა ლიგა ერთადერთია, რასაც ამ ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ მიაღწია. ერთადერთი, რაც არ მესმის, ის არის, რომ როგორ დამარცხდა „იუვე“ ბოლო სამ სეზონში გაცილებით სუსტ მეტოქეთან. მანამდე, იმ სეზონის გამოკლებით, როდესაც ჯგუფში ჩავრჩით, ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ისეთი დიდი გუნდები გვამარცხებდა, როგორებიც „ბაიერნი“ და „რეალია“. ამიტომ, მიკვირს, ბოლო სამი სეზონის ტენდეცია, ცოტა მეტი სითამამე საჭირო იყო.
– ალეგრი ხშირად იმეორებდა, რომ „მალმიოსთან“ 2014 წლის მატჩის შესვენებაზე ფეხბურთელებში შიში დაინახა. არის იგივე შიში ევროპაში თამაშთან დაკავშირებით?
– ჩემპიონთა ლიგიდან ადრე გავარდნა ყოველთვის კატასტროფაა, მაგრამ ერთია ეს ტოპკლუბების წინააღმდეგ და მეორე პატარა გუნდებთან. ალბათ, არ ვიყავით დარწმუნებული, რომ დიდი რამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ ძალების აღდგენა და ფინალში გავედით.
– როგორ აფასებთ პირლოს ნამუშევარს, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ?
– რთულია მსჯელობა, სიმართლე გითხრათ, არ მქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ თამაშებზე მეყურებინა. შარშანაც არსებობდა სკუდეტოს დაკარგვის საფრთხე, ამიტომ, ნორმალურია, რომ კვლავ მოუწია ძლიერ გუნდებთან კონკურენცია. ვფიქრობ, უნდა მივულოცოთ „ინტერს“, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ გამარჯვებისთვის „იუვენტინო“ ფეხბურთელების და მენეჯერების ყიდვა იყო საჭირო. გავიხსენოთ, რომ ქარიშხალის შემდეგ ყოველთვის მზე ამოდის.
– უნდა დარჩეს პირლო „იუვენტუსში“?
– დიახ, ანდრეა კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. ხელმძღვანელობამ იცოდა რა საფრთხე ემუქრებოდა, როდესაც ის მწვრთნელად აირჩიეს, ასე რომ აუცილებლად ექნებოდა გათვალისწინებული, რომ სკუდეტოს ვერ მოიგებდნენ. სწორი იქნება თუ მას კიდევ ერთი წელი მუშაობის შესაძლებლობას მისცემენ.
– ვის უნდა დაეყრდნოს ახალი პროექტი?
– გარედან ძნელია პასუხის გაცემა, ვერ ვუყურებ ვარჯიშებსა და ბიჭების სულისკვეთებას. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ უნდა ჩამოვწეროთ, მათ შორის, რონალდუ, რომელიც ყველაზე ძლიერია მესისთან და იბრაჰიმოვიჩთან ერთად. ეს საეჭვო არ არის. მომავლის აშკარა სახელია დე ლიხტი, ასევე ძალიან მომწონს კუადრადო, მისი მოქნილობა ფუნდამენტურ უნარს წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთში. ჩეი აზრით, საჭირო არ არის, ყველას კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ყველაფრის ნულიდან დაწყება, მაგრამ ჩემპიონების შეძენა მოგვიწევს.
– კონკრეტულად?
– ჩემს გუნდს ძალიან კარგი ბირთვი ჰქონდა. სამწუხაროდ, გუნდში ანდრეა და კლაუდიო აღარ არიან,როგორც ფეხბურთელბი, მაგრამ ჯერ კიდევ არიან „იუვეს“ სულისკვეთების ფეხბურთელები. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ „არსენალში“ ბევრი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მათ გამარჯვება არ სწყუროდათ. ვფიქრობ, უნდა დაიმატონ ფეხბურტელები, რომლებმაც იციან სხვერპლის ფასი და მზად არიან ახალგაზრდა მოთამაშეებსაც დაეხმარონ.
– კიელინიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს, ბუფონი კი სხვა გუნდში გადავიდეს მეტი სათამაშო დროის მისაღებად. ურჩევდით მათ დარჩენას?
– არ ვფიქრობ, რომ მათ ჩემი რჩევა სჭირდებათ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც „იუვენტუსისთის“ და იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.
– გსურთ პოგბა „იუვეში“ იხილოთ?
– ახლავე, სად მოვაწერო ხელი? ის დიდი დანაკარგი იყო ჩვენი გუნდისთვის, ფანტასტიკური იქნებოდა მისი დაბრუნება. ჩვენ, იუვენტინოები ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ეს მხოლოდ ეკონომიკური საკითხია, ვნახოთ, რა მოხდება.
– სანაკრებო პაუზის შემდეგ დიბალა ბრუნებდა. მას ცუდი სეზონი აქვს ტრავმების გამო და რამდენად გამოადგება ის გუნდს სეზონის ფინიშზე?
– პაულო ჩემპიონია, მოთამაშე, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. „იუვეს“ რომ სირთულეები აქვს, მისი არყოფნითაც არის გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დიბალას დაბრუნება და დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს.
– რომელი „იუვენტუსი“ გირჩვევნიათ თქვენს 7-წლიან კარიერაში?
– არ მყავს მათ შორის ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველა სეზონი ერთნაირი არ იყო. პირველ წელს ცოტა უფრო მეტი წნეხი იყო, ვიდრე ბოლო წელს, როცა უფრო თავისუფლები ვიყავით.
– ალეგრიმ ბოლო ინტერვიუში გაიხსენა, რომ კარპიში პიჯაკი იმიტომ გაიხადა, რომ თქვენზე გაბრაზდა. ადასტურებთ ამ ვერსიას?
– შეიძლება ის სხვაზე იყო გაბრაზებული და მე ამირჩია, რადგან იცოდა, რომ პასუხს არ გავცემდი (იღიმის). მაშინ ცუდად ვითამაშე და მართალი იყო. უფროსი ყოველთვის მართალია.
შეგახსენებთ, რომ სტეფან ლიხტშტაინერი „იუვენტუსში“ 2011-2018 წლებში თამაშობდა და 257 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.