ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა და მეკარემ ლუკაშ ჰრადეცკიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. გერმანელები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თამამი განცხადებებიც გააკეთეს.
„ჩვენ ყოველთვის კარგად ვსწავლობთ ჩვენს მოწინააღმდეგეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართუულნი. ეს საქმე ამ შემთხვევაშიც გავაკეთეთ.
ვიცით, როგორი გუნდია „იუვე“, ვიცით, რომ სარის უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში თავის გუნდებთან ერთად და მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. ჩვენს ეს ვნახეთ როგორც „ნაპოლიში“ მუშაობის დროს, ისე „ჩელსიში“.
„ლოკომოტივთან“ სახლში აუცილებლად უნდა მოგვეგო, სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ახლა მეორე შანსი გვაქვს. ტურინში ჩამოსვლა 1 საათით დავაგვიანეთ, მაგრამ ეს სანერვიულო არაა. უკეთესი იქნებოდა ეს დრო არ დაგვეკარგა, მაგრამ არც ძალიან აქტუალური საკითხია.
დე ლიხტი? მასთან როდესაც ვმუშაობდი, 17 წლის იყო და უკვე ტოპ მოთამაშე გახლდათ. მას შემდეგ განვითარებას აგრძელებს. იმ ასაკში ეროვნული ნაკრების მწვრთნელმაც მოგვთხოვა მისი გამოძახება. ასეთი ნიჭი მსგავს ასაკში ძალიან ცოტას აქვს“, – თქვა ბოშმა.
„ლოკომოტივთან“ მატჩთან შედარებით ახლა უფრო თვითდაჯერებულები ვიქნებით. იმედგაცრუება უნდა გადავლახოთ, თითქმის ჩვენს ზურგს უკანაა. შესაბამისად, კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ და ვიცით, რომ ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ჰრადეცკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.