ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ ანიელი პარალელურად ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტია და ევროპის სუპერლიგის შექმნის მთავარი ინიციატორი და მხარდამჭერია.
ეს არის ტურნირი, რომლის შექმნა დიდი კლუბების წარმომადგენელებს სურთ და ისინი ემხრობიან ჩემპიონთა ლიგიდან გასვლას, სანაცვლოდ კი სუპერლიგაში თამაშს, სადაც მონაწილეობას მხოლოდ გრანდები მიიღებენ (16-18 კლუბი) და ყოველ სეზონში ერთი და იგივე მონაწილეები ეყოლება. ეს გრანდების ფინანსურ შემოსავალს გაცილებით გაზრდის, თუმცა ზოგადად ფეხბურთზე ალბათ დიდ დარტყმას მოახდენს.
„ეკიპმაც“ სტატია ამ თემას დაუთმო და ანიელის დიდი კლუბების დიქტატურის ემბლემა და ფეხბურთის მომავლისთვის სახიფათო ადამიანი უწოდა.
„დიდი კლუბების დიქტატურა და უეფას სისუსტე. პლანეტის ყველაზე უნივერსალური სპორტს იტაცებს კასტა, რომელსაც თაყვანს სცემენ ინსტიტუტები იმის შიშით, რომ არ გამოეყოფიან ამ ინსტიტუტებს. ერთი წლის წინ ანდრეა ანიელიმ, „იუვენტუსის“ მეპატრონემ და ერთ-ერთი მთავარმა ადამიანმა, რომელმაც ფეხბურთის უნივერსალურ იდეას ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა, მშვიდად განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ ყოფნა უსამართლობა იყო. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვიცით, რა არის პრინციპულად უსამართლო და საშიში: ის არის, ვინც ცდილობს ზოგიერთ მეგობართან ერთად შექმნას ხვალინდელი ევროპული ფეხბურთი“, – წერია სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში უეფა აქტიურად მუშაობს კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმაზე, რაც სუპერლიგის შექმნას ხელს შეუშლის და თუ ახალი ფრომატი დამტკიცდა, სუპერლიგა აღარ შეიქმნება. კერძოდ, საუბარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება და ჯგუფური ეტაპი გაუქმდება. კლუბები პლეი-ოფის ეტაპის დაწყებამდე 10-10 მატჩს ჩაატარებენ და ამის შედეგად მიღებული საერთო სატურნირო ცხრილით პლეი-ოფში გავლენ. უეფა ამ საკითხზე გაზაფხულზე იმსჯელებს და დიდი შანსია გადაწყვეტილება დაამტკიცოს. თუ ასე მოხდა, ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით დიდი ალბათობით, 2024-2033 წლებში გაიმართება.