ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა, რომში „ლაციოსთან“ – 1:3. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. კორეაზე თამაშის წესები დაარღვია, მაგრამ იმმობილეს აუღო და დამატებაზეც აჯობა. მესამე გოლშიც რომაელებს მაქსიმალურად ხელი შეუშალა.
კუადრადო 4.5 – ახლა, როდესაც მაურიციო სარის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავს, კოლუმბიელი მაინც პირველი არჩევანი დარჩა. მაგრამ მისი ზონიდან „ლაციო“ ყოველთვის სახიფათოდ უტევდა. შემდეგ გააძევეს, „იუვე“ 10 ფეხბურთელით დარჩა და ყველასთან იჩხუბა. კაცნაკლულმა „იუვე“ კი ჩამოიშალა.
ბონუჩი 5 – აჩერბის დაასწრო და „ლაციოს“ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა არ მისცა, მაგრამ ამის შემდეგ თითქმის საიმედოდ არ უთამაშია.
დე ლიხტი 5.5 – იმმობილე კარგად დაკეტა და დამაჯერებელიც იყო, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩი დაკარგა მეორე გოლის დროს, რამაც მის შეფასებაზე უდიდესი გავლენა იქონია.
ალექს სანდრო 6 – პირველ ტაიმში გაუჭირდა, მეორე ნახევარში გაიზარდა. მესამე გოლის დროს შჩესნისთან ერთად ერთადერთი იყო, ვინც დაცვაში გუნდის გადარჩენას ცდილობდა.
ბენტანკური 7 – რამდენად ძლიერი და რამდენად კარგია! არავინ იცის, კიდევ რამდენად შეუძლია განვითარება. საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ ფეხი იტკინა და მოედნიდან გავიდა. სანამ თამაშობდა „იუვენტუსი“ შესანიშნავი იყო, გავიდა და „იუვე“ სხვა, საშინელი გუნდი გახდა. მისი ტრავმა ხედირას არყოფნაში შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული დანაკლისი იყოს.
ემრე ჯანი 4.5 – გერმანელი ძალიან ცუდ ფორმაშია და მორიგი უფერული თამაში ჩაატარა. ცუდად ჩაერთო ბენტანკურის ნაცვლად, ლამის პენალტი აიკიდა. შემდეგ ლუის ალბერტოს მხოლოდ თვალს ადევნებდა, როცა ესპანელმა საგოლე პასი გააკეთა.
პიანიჩი 5 – მისთვის თითქმის დერბი იყო, მაგრამ ძალინა განერვიულებული ჩანდა.
მატუიდი 6 – ბენტანკურის გამოკლებით, ერთადერთი იყო ნახევარდაცვაში ვინც იბრძოდა.
ბერნარდესკი 5.5 – ბინძური სამუშაო ბევრი შეასრულა, ეს მის სპეციალობად იქცა. ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ კუადრადოს გაძევებას ისიც შეეწირა.
დანილო 5.5 – ბრაზილიელისთვისაც ცუდი თამაში იყო.
დიბალა 6 – პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში კი მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც სტრაკოშას ნაჩუქარი ბურთი ვერ შეირგო და „იუვენტუსის“ დაწინაურების შანსი გაანიავა.
იგუაინი შ.გ – არგენტინელმა ბოლო 10 წუთი ითამაშა.
რონალდუ 6 – ბენტანკურთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და 49 დღის შემდეგ „იუვენტუსის“ მაისურით თამაშიდან გოლი გაიტანა (არა სტანდარტული ვითარებიდან). დუბლის შესრულებამდეც ცოტა დააკლდა, როდესაც თავით დაარტყა ბერნარდესკის კარგი პასის შემდეგ, მაგრამ შემდეგ მოედნიდან პრაქტიკულად გაქრა.