ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონსაც „ბებერ სინიორაში“ გაატარებს. კოლუმბიელმა ასევე აღნიშნა, რომ „იუვემ“ წარმატებული სეზონი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პირიქით ფიქრობს.
„კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ დავრჩები. ტრავმა? ეს ნორმალურია, რადგან ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. ხანდახან, როდესაც თამაშებს ვუყურებდი, მინდოდა გუნდს დავხმარებოდი, ეს ჩემთვის პატარა ტკივილი იყო. მაგრამ ყოველთვის წინ ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი.
სკუდეტო როგორც ყოველთვის განსაკუთრებულია და მისი მოგება ადვილი არასდროსაა. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ სეზონი ჩავაგდეთ, ასე არაა. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალში დავმარცხდით, მაგრამ ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოგება გასაოცარია. ასეთ წარმატებას ცოტა თუ აღწევს და ისტორიაში დარჩება“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. კონტრაქტი „იუვესთან“ 2020 წლის ზაფხულში ეწურება და გავრცელებული ცნობით, მიმდინარე სეზონის შემდეგ ის ტურინს დატოვებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს.