ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩზე, სერია A-ში არადამაჯერებელ სტარტზე, საკუთარ სათამაშო პოზიციაზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„უნდა ვეცადოთ დადებით შედეგს მივაღწიოთ და გამარჯვების სურვილით, მონდომებით ვითამაშოთ. ძალიან ძლიერი მეტოქეგვყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცით, რომ პროფესიონალები ვართ და უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ. შესანიშნავი თამაში იქნება, უნდა ვაჩვენოთ „იუვენტუსის“ სიძლიერე, რადგან ასეთ მატჩებში შეცდომები არ უნდა დავუშვათ.
სერია A? მახსოვს 2015-2016 წლების სეზონი, როდესაც ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით და საბოლოოდ, მაინც ჩემპიონები გავხდით.
პირლო? ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რასაც ის გვეუბნება და გავყვეთ გზას, რომლის საშუალებითაც მეტოქეების დამარცხება შეგვიძლია. თუმცა, სხვა გუნდები, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობენ, უფრო მოტივირებულნი არიან. ვფიქრობ, პირველივე წუთიდან მოედანზე თვითდაჯერებულები უნდა გავიდეთ, ვაჩვენოთ ის ძალა, რაც გვაქვს. გასული სეზონიდან მოყოლებული დაცვაში თამაშს მიჩვეული ვარ, ამაზე სარისთან ბევრს ვმუშაობთ. ახლა იგივეს პირლოსთანაც ვაკეთებ, ვცდილოთ გავაკეთო ის, რასაც ჩემგან ითხოვს და შეტევაშიც ვერთვები. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ, რომ გუნდს დავეხმარო.
ბევრი გუნდია, რომელთაც სკუდეტოს მოგება უნდათ. „ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშბს, ისევე როგორც „ინტერი“. მზად ვართ საბრძოლველად. კრიშტიანუ რონალდუ? ის ჩემპიონია. რა თქმა უნდა, მისი მენტალიტეტი, ძალა ძალიან გვაკლია“, – თქვა კუადრადომ.