ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კატალონიის „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მეტოქის სიძლიერეს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ურთულესი თამაში ელოდებათ.
„ბარსა“ ძლიერი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია დიდი ფეხბურთელებისგან, მიუხედავად პიკესა და კოუტინიოს არყოფნისა. ამიტომ, განსაკუთრებული მონდომებით და სურვილით უნდა ვითამაშოთ. ეს თამაში გადამწყვეტი არა, მაგრამ დიდი გამოწვევაა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელს სურს. მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლა, რომ ჩვენი ღირებულება ვაჩვენოთ. დაცვაში 4 მცველით ვითამაშებთ, როგორც აქამდე ყოველთვის ვცდილობდით, თუნდაც იმიტომ, რომ ამ მომენტში სხვა მცველები არ გვყავს. ბონუჩის სიტუაცია ხვალ შეფასდება, ხოლო დე ლიხტთან მიმართებაში ექიმებისგან თამაშის თანხმობა ჯერ კიდევ არ გვაქვს. მაკკეინი? არმგონია, რომ მან ხვალ დაცვაში ითამაშოს. ვეცდებით, მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები გავიყვანოთ, რომლებიც თავგანწირვით ითამაშებენ ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ.
ნახევარდაცვაში ტექნიკური ფეხბურთელების დაპირისპირება იქნება, ალბათ ჩვენი ნახევარდაცვა ფიზიკურად უფრო ძლიერია. შეტევაში დიბალა კარგადაა, ცოტა დაღლილი, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან მან პირველი თამაში ჩაატარა. მან და მორატამ ვერონასთან კარგად ითამაშეს და კმაყოფილები ვართ.
რონალდუ? ტესტი გაიკეთა და შედეგს უნდა დაველოდოთ, საღამოს გვექნება საბოლოო პასუხი. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე ყველა ფეხბურთელი იქნება ჩემს განკარგულებაში, რადგან სეზონის დაწყებიდან დე ლიხტი და ალექს სანდრო არ გვყავს, რონალდუ მხოლოდ ორ თამაშში გვყავდა, კიელინი ცოტა ხნით. ვიცით, რომ მშენებლობის ფაზაში ვართ, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ქულების დაკარგვა გამუდმებით არ შეიძლება.
მესი? ის მსოფლიო და თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ბევრჯერ ვითამაშე მის წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელმა და ხვალ პირველად დავუპირისპირდები მწვრთნელად რანგში. ის და რონალდუ 15 წლის განმავლობაში თავიან საქმეს საოცრად აკეთებენ და მწვერვალზე არიან. მსგავს მოთამაშეებს დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, ხვალ საუკეთესო თამაში არ ექნება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.