კრისტიან ვიერის ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი აქვს და მისი თაობის ფეხბურთელებთან, ანტონიო კასანოსთან და დანიელე ადანისთან ერთად ყოველდღიურად აქტიურ საფეხბურთო თემებს განიხილავენ.
სამივე მათგანმა „იუვენტუსზე“ ისაუბრეს და თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს. ვიერის აზრით, ანდრეა პირლო და კრიშტიანუ რონალდუ „იუვეს“ პრობლემას არ წარმოადგენენ:
„ინტერმა“ „იუვენტუსთან“ იდეალურად ითამაშა, კონტეს პერიოდში საუკეთესო თამაში იყო. აგრესიული, სწრაფი, ძლიერი, დაცვაშიც კარგად ითამაშებს. შეცდომა საერთოდ არ დაუშვიათ. კიდევ 4-5 გოლის გატანა უპრობლემოდ შეეძლოთ. „იუვენტუსი“? შეგახსენებთ, რომ 9 წელია იმარჯვებს… რონალდუ? ჩემთვის არ არის რონალდუს პრობლემა, არამედ ყველასი ერთად. კრიშტიანუ გოლებით მშიერი, მას ბურთი სურს და თამაში უნდა. ეს არ არის პრობლემა. პირლო რომ ვიყო, რონალდუს შენარჩუნება მომავალ წელსაც მენდომებოდა. მას ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში, ყველა მეთოდით. ის 2-3 უნივერსალი მოთამაშეთაგან ერთ-ერთია, მაგრამ საჭიროა დანარჩენ 10 ფეხბურთელზე ფიქრი. ვფიქრობ, რომ ის სტილი, რითაც პირლოს თამაში სურს, პრობლემა არ არის“, – თქვა ბობომ.
დანიელე ადანის აზრით, კრიშტიანუ რონალდუს ზედმეტად აკრიტიკებენ და „ინტერთან“ ყველაზე ცუდი თამაში იყო ბოლო 9 წელიწადში:
„სარისთან რონალდუს თამაში უფრო რთული იყო. როდესაც ასიმეტრიულ 4-3-3-ზე ვსაუბრობთ, ეს მისთვის უფრო რთული იქნებოდა, რადგან ის არ არის ინსინიეს სტილის მოთამაშე, მას საჯარიმოსთან ახლოს ყოფნა სჭირდება. პირლოს საფეხბურთო იდეა რონალდუსკენაა მიმართული: „იუვე“ 3-4-1-2 სქემით უტევს და 4-4-2-ით თავს იცავს. მან ფლანგის მცველების უკან არ უნდა ირბინოს, ეს მადრიდის შემდეგ არ გაუკეთებია. რონალდუს მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია. სხვები უარესად თამაშობდნენ. შეხედეთ ცენტრალურ ნახევარმცველებს და ფლანგელებს. მორატასგანაც მეტს ველოდი. ეს იყო „იუვეს“ ყველაზე ცუდი თამაში ბოლო 9 წელიწადნახევარში, ამას ისიც ამტკიცებს, რომ საჯარიმოში ბურთების ჩაწოდებას რონალდუ ცდილობდა“, – თქვა ადანიმ.
ანტონიო კასანო კი მიიჩნევს, რომ პირლოს სამწვრთნელო მომავალი აქვს, მაგრამ მის სქემაში რონალდუს პრობლემები დაეწყო:
„ინტერმა“ „იუვენტუსი“ გაანადგურა. ამას ვერ წარმოვიდგენდი, მეგონა დაძაბულობა იქნებოდა. რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ რონალდუს პრობლემა შეექმნებოდა პირლოს სქემაში. მე მას ვერ შევაფასებ, 800 გოლი გაიტანა, მაგრამ ანდრეას დაგეგმილ ახალ ციკლში, სადაც მაღალი პრესინგია სჭირო, ვხედავ, რომ რონალდუს პრობლემები აქვს. თუმცა, ბოლო თამაშებში ამ იდეასაც ვეღარ ვხედავ. მე მჯერა ანდრეას ხედვის, მას ექნება მომავალი, მაგრამ ამ მომენტში „იუვენტუსისთვის“ ეს დამანგრეველია“, – განაცხადა კასანომ.