ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი სწორედ პორტუგალიელმა გაიტანა.
ნამატჩევს რონალდუმ Rai Sport-თან კომენტარი გააკეთა:
„ეს იყო რთული თამაში, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის გამო. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ეს ჩემი პირველი ტიტულია „იუვეში“ და 2019 წელი საუკეთესოდ დაიწყო.
მიზანი? – ეტაპობრივად უნდა ვიაროთ და ახლა მუშაობა მშვიდად გავაგრძელოთ. სკუდეტო ჩვენი პრინციპული მიზანია, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია. ვის ვუძღვნი გოლს? – გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახს, გუნდს, მეგობრებს და ყველას, ვისაც „იუვენტუსი“ და კრიშტიანუ რონალდუ უყვარს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი მერვედ მოიგო და 2019 წელი ტიტულით დაიწყო.