მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” 2019 წელი ტიტულით დაიწყო

“იუვენტუსმა” 2019 წელი ტიტულით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი ტიტულით დაიწყო. იტალიის 2018 წლის სუპერთასი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მოიგო და სატიტულო შეხვედრაში „მილანი“ დაამარცხა – 1:0.

შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 61-ე წუთზე გავიდა. მირალემ პიანიჩის გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ თავით მოახერხა გატანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების მომტანი გოლი აღმოჩნდა.

„მილანმა“ მთავარი მსაჯის ლუკა ბანტის გადაწყვეტილებები გააპროტესტა. გოლის მომენტში რონალდუს საწყისი პოზიცია საეჭვო იყო, რასაც შემდეგ ფრანკ კესის გაძევებაც დაემატა. ბანტიმ კოტ დივუარელს ემრე ჯანისთან უხეშობა ყვითელ ბარათად შეუფასა, თუმცა ვიდეორეფერთან გადამოწმების მერე მოედნიდან გააძევა. ბოლო აკორდი „იუვეს“ საჯარიმოში ანდრეა კონტისა და მერე ჯანის შეჯახება იყო. მსაჯებმა წესის დარღვევა ვერ დაინახეს და პენალტი არ დაინიშნა.

საგოლე მომენტები კი მთელი თამაშის განმავლობაში იშვიათად იქმნებოდა და ამიტომ დიდად გამოსარჩევი არაფერია.

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინელთა მაისურით ჩატარებული პირველი ფინალი მოიგო და გოლის გატანაც. ეს პორტუგალიელისთვის პირველი ტიტულია იტალიურ კარიერაში.

„იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი 2015 წლის შემდეგ პირველად, ჯამში კი მერვედ მოიგო. „ბებერი სინიორა“ მომდევნო შეხვედრას სერია A-ს ეგიდით „კიევოსთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:0 (0:0)

ჯიდა, „კინგ აბდულა სპორტს სიტი“

მაყურებელი: 60 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ბერნარდესკი 86), პიანიჩი (ემრე ჯანი 65), მატუიდი; დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (ხედირა 89)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; კესი, ბაკაიოკო, პაკეტა (ბორინი 71); კასტილიეხო (იგუაინი 70), კუტრონე (კონტი 79), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლი: 1:0 რონალდუ (61)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (26), პიანიჩი (44), დიბალა (90) – ჩალჰანოღლუ (21), კასტილიეხო (45), კალაბრია (82), როდრიგესი (87)

გაძევება: კესი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …