ტურინის „იუვენტუსი“ სკუდეტოსთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა. „იუვემ“ სერია A-ს XXIX ტურში „ემპოლის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა.
ტურინელები ტოსკანელებს გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდნენ. მეტწილად შეტევაში, სადაც კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა ტრავმის გამო. პორტუგალიელს პაულო დიბალაც შეუერთდა, რომელმაც კუნთის დაზიანება მატჩისწინა გახურებისას მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით იუქმებს…
თამაშს რაც შეეხება „იუვე“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა უჭირდა. ნანატრი გოლი 72-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი მოიზე კინი გახდა! 19 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, მოედანზე სამი წუთის შესული იყო გამარჯვების გოლი რომ გაიტანა.
კიელინის გრძელი გადაცემის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა ფანტასტიკურად ითამაშა, თავით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და კინმა ხორვატს დიდებული გარჯა სათანადოდ დაუფასა.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 78 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე ძალზე დამაჯერებლად იმყოფება. მომდევნო მატჩს კი 2 აპრილს, „კალიარისთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ემპოლი“ 1:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კანსელუ, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო (სპინაცოლა 61); ბენტანკური, ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (კინი 69); მანჯუკიჩი, ბერნარდესკი (კასერესი 84)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ემპოლი“ (3-5-2): დრაგოვსკი; ვესელი, მაიეტა (პასკუალი 80), დელ’ორკო; დი ლორენცო, კრუნიჩი (აკქუა 80), ბენასერი, ჰამედი, პაიაცი (სალიჰ უჩანი 79); ფარიასი,კაპუტო
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი
გოლი: 1:0 კინი (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 3 (0) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ფედერიკო ლა პენა