ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსთან“ 1:2 წააგო და საპასუხო მატჩის წინ შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში რომ არის, ფედერიკო კიეზას დამსახურებაა, რომელმაც 82-ე წუთზე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
კიეზამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გოლი გუნდს საპასუხო შეხვედრისთვის ძალას მისცემს.
„ამ თამაშის ასახსნელად სიტყვები არ მაქვს, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი გოლი მუხტს გვაძლევს. საპასუხო მატჩში, თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს სხვა ფასეულობებით უნდა ვითამაშოთ. გოლი საპასუხო მატჩისთვის ძალას გვაძლევს, სახლში დანამდვილად სხვა თამაში იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული თუ არ იქნები, დაისჯები, თამაშის დასაწყისში ჩვენი დამოკიდებულება არასწორი იყო და იგივე მოხდა მეორე ტაიმის დასაწყისში, სხვანაირად ამას ვერ ავხსნით. ჩემთვის ეს პირველივე მერვედფინალური მატჩი იყო და ძნელია იმის თქმა, რამდენად დასაშვებია ასეთ დონეზე თამაშისადმი ასეთი მიდგომა“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 9 მარტს გაიმართება, ხოლო მომდევნო შეხვედრას „იუვე“ ორშაბათს „კროტონესთან“ ჩაატარებს.