ჯორჯო კიელინი ზუსტად ხუთნახევარი თვის შემდეგ დაბრუნდა. იტალიელმა „ბრეშასთან“ მატჩის ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჯორჯო იმედოვნებს, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე თანაგუნდელებს სათანადოდ დაეხმარება.
„ყველაზე უარესი ნაწილი დასრულდა, ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება. კმაყოფილი ვარ, ნელ-ნელა ვბრუნდები. დღეს მინდა მადლობა მწვრთნელს და თანაგუნდელებს ვუთხრა, რადგან ენერგიისთვის ეს მხარდაჭერა მჭირდებოდა. ახლა უნდა ვიმუშაო, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო, რადგან მომდევნო სამ თვეში ყველა ტურნირისთვის უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად ვიქნებით. ვიმედოვნებ, რომ ამ კვირეებში გავაუმჯობესებ ჩემს კონდიციას.
დავბრუნდი და „იუვე“ იტალიის ჩემპიონატში ლიდერია, იტალიის თასისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის, შესაბამისად, ჩემს თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი იმის გამო, რაც ამ ხუთნახევარი თვის განმავლობაში გააკეთეს. იმედია ენთუზიაზმს და ტალღას მოვიტან გუნდისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად თამაშობს, ეს სჭირდებათ.
სანაკრებო პაუზამდე ერთი თვე დარჩა და სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ჩვენ ყველას ერთიანი „იუვე“ გვჭირდება, პრეზიდენტიდან დაწყებული თანამშრომლებით დასრულებული“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა და 57 ქულა დააგროვა.