„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ განაცხადში ჯორჯო კიელინი შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაბრუნება ახლოვდება. 35 წლის კაპიტანი აგვისტოს ბოლოს მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ 5 თვე გავიდა.
კიელინი სჭირდება „იუვეს“, მისი გამოცდილება, ქარიზმა, ძალა. შემთხვევითი არაა, რომ „იუვემ“ კიელოს გარეშე სერია A-ს 22 მატჩში 21 გოლი გაუშვა.
რუგანი ამ დროისთვის ბონუჩისა და დე ლიხტის ერთადერთი ალტერნატივაა, რადგან მერიჰ დემირალმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო, მძიმე ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს. სწორედ მისი ადგილი დაიკავა განაცხადში ჯორჯომ. რომ არა თურქის სერიოზული დაზიანება, სავარაუდოდ, ლიგის განაცხადში კიელინი რუგანის ადგილს დაიკავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბონუჩი-დე ლიხტის დუეტმა საგრძნობლად მოუმატა (რაც ჰოლანდიელის დაცვის ცენტრის მარჯვენა მხარეს დაყენებითაა გამოწვეული, მისი ბუნებრივი პორიზიცაა და მანამდე მარცხნივ უჭირდა), კიელინი ტურინული გრანდისთვის ფასდაუდებელი ფიგურა და ფეხბურთელია.
ჯორჯო მედიკოსთა ჯგუფთან ერთად მუშაობს, რომ სეზონის ფინალურ ნაწილში საკუთარ გუნდს სრულფასოვნად დაეხმაროს. რთული წარმოსადგენია, რომ 26 თებერვალს „ლიონის“ წინააღმდეგ პირველ მერვედფინალურ მატჩში თამაში შეძლოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ამ ეტაპზე მიზანი 1 მარტს, მილანის „ინტერთან“ საჩემპიონო შეხვედრაში მოედანზე გასვლაა.