იტალიის სერია A-ს მეორე წრე „იუვენტუსმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. რაც მთავარია, ანდრეა პირლოს გუნდის თამაში კარგი იყო და გენუაში, „სამპდორიასთვის“ შანსი არ დაუტოვებია.
„იუვემ“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაეტანა. შეიძლება ითქვას, ახლა მომენტების არასათანადო გამოყენება ტურინელთა მთავარი პრობლემაა. განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ სცოდავდა, რომელმაც პირველ ტაიმში ორჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ გაიტანა.
სამაგიეროდ, ორივე საგოლე შეტევა კრიშტიანუმ დაიწყო და უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომბინაცია ძალიან მაგარი იყო.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. კრიშტიანუ რონალდუმ ალვარო მორატას თავისუფალ ზონაში ბურთი შეაყოლა და ესპანელმა კარის წინ მდგომ ფედერიკო კეიზას გაუკეთა გადაცემა, იტალიელმა შემტევმა ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა. შემდეგ იყო რონალდუს ორი მომენტი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მორატას არჩათვლილი გოლი.
დაცვაში „იუვეს“ დიდი პრობლემები არ ჰქონია. ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ცენტრს შესანიშნავად აკონტროლებდნენ და ეს უდაოდ კარგი ამბავია.
საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე აარონ რემზიმ დააფიქსირა. რონალდუს ბრწყინვალე პასით კარგ პოზიციაში ხუან კუადრადო აღმოჩნდა, რომელსაც თავადაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ ცარიელ კართან მყოფი აარონ რემზი მოძებნა და 2:0.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და ლიდერ „მილანს“ ისევ 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „იუვე“ „რომას“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე 2 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ ესტუმრება.
„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გენუა, „მარასი“
„სამპდორია“ (4-4-2): აუდერო; ბერეშინსკი, იოშიდა, კოლი, აუჯელო; კანდრევა (იანკტო 81), სილვა (ტორეგროსა 63)), ეკდალი, ტორსბი; კეიტა (ტორეგროსა 68), კუალიარელა (რამირესი 68)
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; მაკკენი, არტური (რემზი 84), ბენტანკური (რაბიო 75), კიეზა (ალექს სანდრო 84); მორატა (ბერნარდესკი 78), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 კიეზა (20), 0:2 რემზი (90)
გაფრთხილება: ტორსბი (24), ეკდალი (30), იანკტო (31), დამსგაარდი (87) – ბენტანკური (37)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: მიშელ ფაბრი