ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თამაში უფრო ადრე უნდა დაეხურათ და მეორე გოლის გატანა მოუგვიანდათ.
„სამხრუხაროა, რომ პირველ ტაიმში თამაში ვერ დავხურეთ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში მეტოქემ ჩვენს ნახევარზე უფრო მეტად გადმოინაცვლა, მაგრამ კუალიარელას დარტყმის დროს კიელინის ვარდნის გარდა, არაფერი შევაქმნევინეთ. მეორე გოლი ცოტა დაგვიანებით გავიტანეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ვინ გაიტანს გოლებს, მთავარია რომ გავიმარჯვოთ. რონალდუმ მეორე გოლის დროს ბრწყინვალე პასი გააკეთა, კარგად თამაშობს, მაშინაც, როდესაც გოლს ვერ იტანს.
კიეზა? მან გუნდში ენერგია, სიახლე და შიმშილის გრძნობა მოიტანა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც დიდ გუნდს შეუერთდა. ის უახლოვდება დიდ ჩემპიონებს მნიშვნელოვანი მატჩებით და საერთაშორისო დონეზე თამაშით. თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ახლა კარგადაა, რამდენიმე გოლიც გაიტანა.
ტრანსფერები? არასდროს გვიფიქრია მეოთხე თავდამსხმელის დამატებას, ვიცოდით, რომ გუნდში გვყავდა ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ამ როლის შესრულება, მაგალითად კულუშევსკი და კიეზა. თუ იქნება შესაძლებლობა, ვეცდებით გამოვიყენოთ, მაგრამ ამ მომენტში კმაყოფილები ვართ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს.
დაცვაში გამოსწორებული თამაში? წლის დასაწყისიდან ვმუშაობდით აგრესიულ დაცვაზე და თუ მცველები თავს კარგად იცავენ, ეს ნიშნავს, რომ კარგი ზეწოლაა შემტევებისა და ნახევარმცველების მხრიდან. დღეს კიელინიმ და ბონუჩიმ ძალიან კარგად ითამაშეს.
იტალიის თასი? მნიშვნელოვანია, წინ ნახევარფინალია და ამ ტურნირის მოგება ჩვენი მიზანია. არ ვფიქრობთ რამდენიმე კვირის წინანდელ მატჩზე, ვიცით, რომ „ინტერთან“ ცუდი მატჩი გვქონდა, მაგრამ სუპერთასის მოგებით შესანიშნავი რეაგირება მოვახდინეთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასზე 2 თებერვალს „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ში მომდევნო მატჩი შინ „რომასთან“ ელოდება.