ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი იცლება. იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯო კიელინი და მატიას დე ლიხტი „პორტუსთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან.
ისინი „ლაციოსთან“ მოედანზე არ ყოფილან, დე ლიხტს ერთი კვირა გაუცდა, ხოლო კიელინი სწორედ „პორტუსთან“ პირველ მატჩში სამი კვირის წინ დაშავდა. უცნობია, რომელი იქნება ძირითად შემადგენლობაში, გადაწყვეტილება ანდრეა პირლომ უნდა მიიღოს და ბევრი რამ კონკრეტული მოთამაშეების კონდიციებზე იქნება დამოკიდებული.
„ლაციოსთან“ უკვე დაბრუნდნენ ხუან კუადრადო, არტური და ლეონარდო ბონუჩი. ამრიგად, „იუვეს“ „პორტუსთან“ ტრავმირებული პაულო დიბალა, კოვიდინფიცირებული როდრიგო ბენტანკური და დისკვალიფიცირებული დანილო დააკლდება – დანარჩენი მზად არიან.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვე“ „პორტუსთან“ ასეთი სავარაუდო შემადგენლობით ითამაშებს: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი ან კიელინი, ალექს სანდრო, კიეზა, არტური, რაბიო, მაკკენი (ან ბერნარდესკი, ან რემზი), რონალდუ და მორატა.