ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მისი განცხადებით, „იუვე“ დაბრუნდა და რაც ყველაზე კარგია, კრიშტიანუ რონალდუზე ნაკლებად არის დამოკიდებული.
„იუვე“ დაბრუნდა. გუნდი პოულობს იდენტობას და თამაშში ნაკლები პრობლემებია. აცნობიერებს იმას, თუ რა სურს პირლოს. გადამწყვეტი იქნება „ნაპოლისთან“ გამოტოვებული თამაში და განსაკუთრებით „ინტერთან“ შეხვედრა. და, ეს ყველაფერი მიუხედავად კრიშტიანუ რონალდუს არყოფნისა (გულისხმობს, რომ პორტუგალიელმა ბოლო ორი თამაში ცუდად ჩაატარა). ეს არის მოთამაშე, რომელსაც გამარჯვებაში მთავარი წვლილის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ ახლა სხვები უფრო პასუხისმგებლიანად თამაშობენ და ეს კარგია. ვხედავ, რომ „იუვე“ მასზე ნაკლებად არის დამოკიდებული“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 13 იანვარს, იტალიის თასზე „ჯენოასთან“ გამართავს, ხოლო 17 იანვარს, „ინტერს“ დაუპირისპირდება.