იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ჩინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ ალესანდრო დელ პიეროს შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული მცველის განცხადებით, ალესანდრო „იუვენტუსის“ ხატი დამსახურებულადაა.
კანავარომ 2006 წლის ზაფხული და დელ პიეროსთან დიალოგი გაიხსენა:
„როდესაც „იუვენტუსის“ სერია B-ში დააქვეითეს, მე დავურეკე დელ პიეროს. გუნდის ხელმძღვანელები მზად იყვნენ კარგი ხელფასი შეეთავაზებინათ მისთვის. როდესაც დავურეკე მაშინვე უარი მიპასუხა, ვუთხარი, რომ ნავი იძირებოდა, თუმცა დაუყოვნებლივ მიპასუხა, რომ კაპიტანი იყო და ერჩივნა მასთან ერთად ჩაძირულიყო და მომკვდარიყო, ვიდრე დაეტოვებინა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტნის სამკლავურის გადაცემა შევთავაზე და ამაზეც უარი მივიღე. მითხრა, რომ უნდოდა ესწავლა რას ნიშნავს კარგი კაპიტანი, რომელიც თავისი გუნდისთვის სიცოცხლეს წირავს. შემრცხვა, მაგრამ ეს იყო ცხოვრებისეული გაკვეთილი.
შემდეგ, მინდოდა „იუვეში“ დაბრუნება, მაგრამ ძალიან დარცხვენილი ვიყავი. ვფიქრობდი… დაბრუნდები იმ ნავზე, რომელიც დატოვე და რას უპასუხებ კაპიტანს კითხვაზე: სად იყავი ქარიშხალის დროს, როდესაც ნავი იძირებოდა?..
ახლა ის „იუვენტუსის“ ხატია და ეს დაიმსახურა!“, – თქვა კანავარომ.