ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მაურო კამორანეზიმ Goal-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ბებერ სინიორაზე“ საუბარს დაეთმო. 42 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა ისაუბრა, როგორც მოახლოებულ ტურინულ დერბიზე, ისე კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის მნიშვნელობაზე.
მაუროს აზრით, „იუვეს“ ასეთი მასშტაბის ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის შემდეგ არ ჰყოლია.
– „ტორინო“ – „იუვენტუსი“. რას უნდა ველოდოთ?
– ბოლო დროს დერბი ყოველთვის საინტერესო გამოდის. „ტორინო“ ძალიან გაიზარდა და კარგი გუნდია. თუმცა, წლების განმავლობაში ეს იყო ერთფეროვანი თამაში.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ სეზონში გუნდებს შორის განსხვავება საკმაოდ მკაფიოა?
– ხარისხის თვალსაზრისით სხვაობა აშკარაა. მაგრამ „ტორინო“ ფიზიკურად ძალიან ძიერი გუნდია და მგონია, რომ „იუვენტუსს“ პრობლემას შეუქმნის.
– თქვენს დროს, „დერბი დელა მოლედან“ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმაც ფეხბურთელმა მოახდინა?
– სიმართლე გითხრათ? მე საკმაოდ მოსაწყენ დერბებში ვითამაშე, სერია B-ს წლებს თუ არ ჩავთვლით. „იუვენტუსი“ ყოველთვის კონკურენტუნაირიანი და ორგანიზაციული იყო. იმ პერიოდში „ტორინო“ არასტაბილური იყო და ხან ვარდებოდა, ხან – პირიქით. ახლა, „ხარებს“ სხვა ვითარება აქვთ.
– სკუდეტოსთვის ბრძოლაზე რას ფიქრობთ?
– ხუთი ტურის წინ დასრულდა. მსჯელობა ძალიან ადვილია. ზაფხულში „იუვენტუსი“ გაძლიერდა, „ნაპოლის“ კი თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავს. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია „ნაპოლის“ რვა ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება.
– რა მისცა რონალდუმ „იუვენტუსს“? და მეორეს მხრივ, რა შეუძლია მისცეს „იუვემ“ თავის 7 ნომერს?
– რონალდუ იტალიის ჩემპიონატში სპექტაკლებს დგამს. ზიდანის დროიდან მოყოლებული „ბიანკონერის“ ასეთი მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე აკლდა. პორტუგალიელი ის ფეხბურთელია, რომელიც ევროპაში ტიტულის მოსაგებად სჭირდებოდა და აქამდე არ ჰყავდა. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.
– ეს სეზონი შესაფერისია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
– დიახ, შესაძლებელია ასე იყოს. ისევე, როგორც ეს შეიძლებოდა შარშანაც. გარდა ამისა, „იუვენტუსის“ პირდაპირი კონკურენტები საუკეთესო პერიოდს არ განიცდიან. მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნიდან“ მადრიდის „რეალამდე“. თანაც, აქ მოვიდა კრიშტიანუ რონალდუ, ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია დიდი განსხვავების ჩვენება.
– და ბოლოს, ახლანდელ „იუვეში“ ახალ კამორანეზის ხედავთ?
– პოზიციები შეიცვალა. ახლა ფეხბურთელები უფრო მრავალფუნქციური არიან. მაგალითად, ეს სამი: კუადრადო, კანსელუ და დუგლას კოშტა. ისინი უკეთესი ფეხბურთელები არიან, ვიდრე კამორანეზი იყო.
შეგახსენებთ, რომ მაურო ხერმან კამორანეზი „იუვენტუსში“ 2002-2010 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში იტალო-არგენტინელმა 285 თამაში ჩაატარა და 29 გოლის გატანა მოახერხა.