ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი მაურო კამორანეზი მიმდინარე სეზონში სლოვენიურ „მარიბორს“ წვრთნიდა და გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზე იყო, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს. Tuttosport-თან ინტერვიუში მაურომ „იუვენტუსის“ შესახებ ვრცლად ისაუბრა, მაგრამ დიალოგი სწორედ „მარიბორიდან“ დათხოვნის თემით დაიწყო.
„სიბრაზემ ჩაიარა, მსგავსი სიტუაციები ყველა მწვრთნელის ცხოვრებაში ხდება. უკვე მომდევნო შესაძლებლობაზე ვფიქრობ. იტალიაში სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ნებისმიერი გამოცდილებისთვის ღია ვარ.
– კვირას „იუვენტუსი“ „ბენევენტოს“ ხვდება. ორი მსოფლიოს ჩემპიონი, შენი თანაგუნდელები, ანდრეა პირლო და პიპო ინძაგი დაუპირისპირდებიან. რომელმა გაგაკვირვა უფრო მეტად?
– ანდრეასთვის ეს სეზონი პირველია. პიპომ უკვე გაიარა კარგი გზა, მოიგო სერია C და სერია B. მათი ერთმანეთის წინააღმდეგ ნახვა ცოტა უცნაურია, რადგან ისინი როგორც ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრებიც არიან. ყოველთვის მსიამოვნებდა ორივესთან თამაში. ინძაგი აქტიური თავდამსხმელი იყო და ყოველთვის მზად გახლდათ გასროლისთვის.
– რა იფიქრეთ, „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე?
– იმედგაცრუების გარდა, გამიკვირდა იმ გუნდის გავარდნა, რომელმაც ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა. „იუვემ“ მეტოქეს მინიმუმ 3 გოლი აჩუქა, მაგრამ ასევე იყო უიღბლობის მომენტიც.
– ხელმძღვანელობამ დაადასტურა პირლო და ახალგაზრდული პროექტი. ეთანხმებით?
– სწორია ანდრეასთან ერთად გაგრძელება. ჭკვიანი ბიჭია და მან შესანიშნავად იცი ფეხბურთელთა საჭიროებები. მწვრთნელობა სულაც არ არის მარტივი, ბევრი რამ არსებულ მოთამაშეებზეცაა დამოკიდებული. რაც უფრო ძლიერია შემადგენლობა, მით უფრო ადვილია კარგად საქმის გაკეთება. ასაკსაც მეტი მნიშვნელობა აქვს: მნიშვნელოვანია ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის ნაზავი არსებობდეს.
– რას ფიქრობთ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე?
– თუ დარჩება, „იუვენტუსის“ გამო ბედნიერი ვიქნები, მაგრამ თუ კრიშტიანუ წასვლას გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, მენეჯერები მას სხვა ფასეული თავდამსხმელით შეცვლიან.
– დაცვაში აქცენტი უკვე კეთდება დე ლიხზე. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
– დე ლიხტი ძლიერია, უკვე არის უმაღლეს დონეზე. ნიდერლანდელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიელინი-ბონუჩის შემდეგ დაცვა კარგად მართოს.
– როგორც ყოფილი ნახევარმცველი და ახლა უკვე მწვრთნელი, რას ფიქრობთ, კულუშევსკის ნამდვილი პოზიცია რა შეიძლება იყოს?
– ვხედავ, რომ ძალიან ნიჭიერია და თითქმის ყველა პოზიციაზე კარგად თამაშობს. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ ვერ გავიგე, რომელი პოზიცია არის მისთვის იდეალური. ერთი რამ ცხადია: მოქნილი მოთამაშეების ყოლა უპირატესობაა და არა პირიქით.
– კიეზათი გაოცებული ხართ?
– გულწრფელად ვიტყვი: არ ველოდი ასეთი დამანგრეველი გავლენა თუ ექნებოდა, როგორიც ჰქონდა ბოლო თვეებში, ასე სწრაფად. ეს არის ბიჭი, რომელსაც დიდი შიმშილის გრძნობა აქვს და ფეხბურთის თამაშის განსაკუთრებული სურვილი. ასეთი კიდევ სამი ფეხბურთელია საჭირო.
– რას გულისხმობთ?
– „იუვენტუსს“ სჭირდება იტალიელი ფეხბურთელები, რათა ნაკრების ბლოკიც ჩამოყალიბდეს, როგორც ეს კლუბის ტრადიციაშია. საჭიროა კიეზას მსგავსად ძირითადი შემადგენლობის წევრი იტალიელები და არა ალტერნატიული ფეხბურთელები, რომლებიც თადარიგში რჩებიან.
– გაქვთ რაიმე აზრი, „სასუოლოს“ ნახევარმცველ ლოკატელიზე?
– მირჩევნია სახელები არ დავასახელო, მე მენეჯერი არ ვარ…
– „ინტერი“ სკუდეტოს უახლოვდება თუ ფიქრობთ, რომ „იუვენტუსს“ მაინც შეუძლია სენსაციურად ისევ გახდეს ჩემპიონი?
– „ბიანკონერის“ შეუძლია სეზონის ბოლომდე ყველა თამაშის მოგება. თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონობის დაკარგვა მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია. მათ შესანიშნავი სტილი აქვთ არჩეული სკუდეტოს მოსაგებად.
– უფრო რომ განმარტოთ…
– კონტე არის ჩემპიონატების მოგების გარანტი. მისი გუნდები მკაცრ და მყარ ფეხბურთს თამაშობენ. მეორეს მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე ანტონიო არ არის იღბლიანი ბიჭი.
– თქვენ არასდროს გჯეროდათ „მილანის“, მაშინაც კი, როდესაც ეს გუნდი ერთპიროვნული ლიდერ იყო. რატომ?
– ჩავარდნას ველოდე, რადგან კარგი გუნდი ჩანდა, მაგრამ არა გამარჯვებული მენტალიტეტის. ახლანდელი „მილანი“ შარშანდელ „ინტერს“ მაგონებს. რეალურად, მჯერა, რომ „როსონერი“ ამ სეზონში ჩამოყალიბებული ბაზის შემდეგ ნამდვილად იბრძოლებს ჩემპიონობისთვის მომდევნო სეზონში, თუ ბაზარზეც კარგად იმუშავებენ. ორი თავდამსხმელი სჭირდებათ.
– „იუვენტუსს“ დიბალა რომ ჰყოლოდა ამ სეზონში უფრო მეტად, ჩემპიონატის ლიდერი იქნებოდა?
– პაულო დიდი ძალაა და დამატებითი ხელია, ეს საეჭვო არ არის. მაგრამ ვერცერთი მოთამაშე სეზონის ბალანსს ვერ შეცვლის.
– „მარიბორში“ გატარებული პერიოდის შემდეგ, არის სლოვენიელი ახალგაზრდა, რომელსაც პარატიჩის ურჩევდით?
– ნამდვილად მომწონს „მარიბორის“ ფეხბურთელი იან რეპასი. ნახევარდაცვაში ყველგან თამაში შეუძლია, პატარაა, ძლიერი და კარგი დარტყმა აქვს. არ ვიცი „იუვეს“ დონის არის თუ არა, მაგრამ ნამდვილად მზად არის სერია A-სთვის.
– ყველაზე მეტად რომელი მწვრთნელებისგან სწავლობთ?
– მწვრთნელებზე მეტად ფეხბურთელებს ვაკვირდები. მწვრთნელი ერთია, მაგრამ საბოლოო სხვაობას ფეხბურთელები ქმნიან.
შეგახსენებთ, რომ მაურო კამორანეზი „იუვენტუსში“ 2002-2010 წლებში თამაშობდა და 288 მატჩში 32 გოლი გაიტანა, 48-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. იტალიის ნაკრებში წარმოშობით არგენტინელმა კამორანეზიმ 2003-2010 წლებში 55 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.