ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ტრავმირებულია, გუნდისა და იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. ჯორჯო მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს.
„იმედი მაქვს, რომ თებერვალ-მარტში მზად ვიქნები. თერაპია კარგად მიმდინარეობს, მაგრამ დრო და მოთმინებაა საჭირო.
„იუვე“ ჩემს გარეშეც ძალიან კარგად თამაშობს. იმედია, გაზაფხულზე დავეხმარები. სარის ფეხბურთი? ამას გარკვეული დრო სჭირდება, ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანია ბევრი ქულის მოპოვება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი? იმედია გავალთ, წარსულში რამდენჯერმე ახლოს ვიყავით ტიტულთან.
იტალიის ნაკრები? 9:1 რა თქმა უნდა, მოულოდნელი ანგარიში იყო. მანჩინის დიდი დამსახურებაა, ის არის იტალიის აღზევების მთავარი არქიტექტორი. ვულოცავ ყველა ჩემს თანაგუნდელსა და სტაფს 10 მოგებით შესარჩევი ეტაპის დასრულებას, შევხვდებით ივნისში“, – თქვა კიელინიმ.