ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუკა ვიალი ამბობს, რომ სიმსივნეს ებრძვის. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ამის შესახებ 1 წლის წინ გაიგო, მაგრამ აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდა:
„ერთი წლის წინ სიმსივნე აღმომაჩნდა, თუმცა ამის თქმა მხოლოდ ახლა გადავწყვიტე. დავიწყე წიგნის დაწერა, რომელშიც ამაზე ვსაუბრობ და იმედია, ადამიანებს ეს დაეხმარება სწორი გზის პოვნაში. სიმსივნეს ვებრძოდი და ახლა ბევრად კარგად ვარ, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა.
იმედია, ჩემი ისტორია ადამიანებს დაეხმარება და ხელს შეუწყობს, რომ ცხოვრებაში იბრძოლონ“, – განუცხადა იტალიურ მედიას ვიალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი „იუვენტუსის“ ღირსებას 1992-1996 წლებში იცავდა და „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონთა ლიგა სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო. „იუვეს“ გარდა, ვიალის უთამაშია „კრემონეზეში“, „სამპდორიასა“ და „ჩელსიში“.
იტალიის ნაკრების ღირსება 1985-1992 წლებში 59-ჯერ დაიცვა და 16 გოლის გატანა შეძლო.