ტურინის „იუვენტუსმა“ მოიზე კინი და ჟოაუ კანსელუ ინგლისის პრემიერლიგაში გაასხვისა და ინგლისური ბაზარი დაიხურა. ახლა კლუბს სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს გასაყიდი, მაგრამ სხვა ქვეყნებში მოუწევს მუშაობა.
Tuttosport-ის ცნობით, „ატლეტიკოსთან“ დღევანდელი მატჩი ბოლო შანსია, რომ ვითარება ოდნავ მაინც შეიცვალოს. მაურიციო სარი ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობს გუნდის დატოვების კანდიდატების შესახებ.
პაულო დიბალასა და მარიო მანჯუკიჩის გასხვისება კლუბა 2 სექტემბრამდე უნდა მოასწროს. არგენტინელს პსჟ-სა და „ინტერს“ უკავშირებენ, ხორვატს გერმანიაში დაბრუნების შანსი გააჩნია.
გარდა ამისა, გონსალო იგუაინის ვითარებაც არაა ნათელი და უკვე დიდი ხანია „პიპიტას“ წაყვანა „რომას“ უნდა, ოღონდ თავად ფეხბურთელია უარზე იტალიის დედაქალაქში გადაბარგებაზე. მატია პერინი „ბენფიკაში“ ჩაჭრილი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ისევ ბაზარზე რჩება.
დაცვის ხაზიდან კლუბის დატოვების რეალური კანდიდატი მხოლოდ დანიელე რუგანია. ფაქტია, 25 წლის მცველისთვის ახალ სეზონში სათამაშო დროის გამოყოფება ამ პოზიციაზე შექმნილი კონკურენციიდან გამომდინარე რთული იქნება. მას „არსენალის“ ვარიანტი დაეხურა, ახლა ჰორიზონტზე „რომა“ ყველაზე რეალური კანდიდატია.
ნახევარდაცვაში კი გუნდი სამი ხედირას ან ბლეზ მატუიდის გამოემშვიდობა თუ ორივეს არა. ამ კუთხით სიტუაცია არ შეცვლილა.
რაც შეეხება დარჩენილ სამ კვირაში შესაძლო მომსვლელებს, ყველაზე რეალური კანდიდატი მაურო იკარდია, თუმცა, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერიც არაა გამორიცხული, ნაკლებ სავარაუდო, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი.