ტურინის „იუვენტუსი“ და „რომა“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთ ბარტერზე შეთანხმდნენ. Tuttosport-ის ცნობით, „ჯალოროსის“ ედინ ჯეკოს შემცვლელად გონსალო იგუაინის დამატება სურს.
ეს ფაქტი კი, „იუვემ“ შესაძლოა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერისთვის გამოიყენოს. „რომა“ ძანიოლოს 60 მილიონ ევროდ აფასებს და ტურინული მხარე მზადაა აღნიშნული თანხის შესამცირებლად იგუაინის სატრანსფერო უფლებები დათმოს.
მოგეხსენებათ, „პიპიტამ“ გასული სეზონი იჯარით „მილანსა“ და „ჩელსიში“ გაატარა და ახლა „იუვეში“ დაბრუნება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ სარი არგენტინელს კარგად იცნობს, გონსალოს ტურინში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.
აქვე შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ და „რომამ“ უკვე განახორციელეს ერთი ბარტერი – ლეონარდო სპინაცოლა და ლუკა პელეგრინი გაცვალეს.