მთავარი / სიახლეები / “იუვე” და თავისუფალი აგენტები

“იუვე” და თავისუფალი აგენტები

ტურინის „იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა ადრიენ რაბიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებასთან. მანამდე, იგივე სისტემით აარონ რემზი გაიფორმა.

საერთოდ, 2010 წლიდან „იუვე“ თავისუფალი აგენტების ბაზარზე მეტად ნაყოფიერად მუშაობს და არაერთი წარმატებული ტრანსფერიც გაჩარხა. იყო წარუმატებელი სვლებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს პროცესი პოზიტიურად უნდა შეფასდეს. წარმოგიდგენთ 2010 წლიდან დღემდე „იუვენტუსის“ მიერ დამატებულ ყველა თავისუფალი აგენტის სტატუსის ფეხბურთელებს:

ადრიენ რაბიო

ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ წინ აღარაფერი უდგას. ფრანგი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აარონ რემზი

მანამდე კი, ცნობილია, რომ წელს „იუვე“ უსასყიდლოდ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. აარონ რემზის ტრნასფერი ჯერ კიდევ იანვარში დადასტურდა. უელსელმა 10 სეზონის შემდეგ „არსენალი“ დატოვა და „იუვეში“ 8-ნომრიანი მაისურით გაირჯება. კონტრაქტი ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ოთხწლიანი იქნება.

ემრე ჯანი

შარშან ასეთი შენაძენი ემრე ჯანი აღმოჩნდა, რომელიც „ლივერპულიდან“ მოვიდა. გერმანელს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სეზონის პირველი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, მაგრამ მეორე ნახევარში კარგად ათამაშადა და პირველივე სეზონში ორი ტიტული მოიგო (სკუდეტო და იტალიის სუპერთასი).

დანი ალვეში

2016 წელს „იუვენტუსში“ „ბარსელონადან“ დანი ალვეში უფასოდ ჩაირიცხა. ბრაზილიელმა ერთადერთი სეზონი ითამაშა „ბინაკონერიში“, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

სამი ხედირა

„იუვემ“ 2015 წელს სამი ხედირა დაიმატა „რეალიდან“. გერმანელმა 4 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და ორი იტალიის სუპერთასი მოიგო. გასული სეზონი ტრავმების გამო წარუმატებელი იყო, მაგრამ იქამდე სამი წელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მიიჩნეოდა.

ნორბერტო ნეტო

იმავე წელს „ფიორენტინადან“ უფასოდ მოვიდა ნორბერტო ნეტო. ბრაზილიელი მეკარე, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორი იყო ორი სეზონის განმავლობაში. ჯამში 22 თამაში ჩაატარა, ორ-ორი სკუდეტო და იტალიის თასი და ერთი იტალიის სუპერთასი შემატა ტიტულებს. ორი წლის შემდეგ კი „ვალენსიაში“ 7 მილიონ ევროდ გაასხვისეს.

კინგსლი კომანი

2014 წლის ზაფხულში ასეთი შენაძენი კინგსლი კომანი იყო „პარი სენ ჟერმენიდან“. იტალიაში მან სკუდეტო და თასი მოიგო, 2015 წლის აგვისტოში კი „ბაიერნში“ იჯარით (გამოსასყიდი უფლებით) გადავიდა.

ფერნანდო ლორენტე

„ბილბაოს ატლეტიკიდან“ „იუვენტუსმა“ ესპანელი ფორვარდი უფასოდ დაიმატა, 2013 წლის ზამთარში. ლორენტე გუნდში 2015 წლის ზაფხულამდე დარჩა, ორი სკუდეტო და იტალიის სუპერთასი და ერთი იტალიის თასი მოიგო. შემდეგ კი ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით „სევილიაში“ გადავიდა.

ნიკოლას ანელკა

ეს ალბათ უცნაური და მოულოდნელი გარიგება იყო. 2013 წლის იანვარში ვეტერანი ფრანგი მოვიდა. მან ტურინში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, ხოლო 6 თვეში გუნდი დატოვა და „ვესტ ბრომვიჩში“ გადავიდა.

პოლ პოგბა

2012 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფრანგი „იუვემ“ „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა. ფრანგი 4 სეზონის განმავლობაში იცავდა შავ-თეთრთა ღირსებას და დიდებული კვალიც დატოვა. 4 სკუდეტო, 3 იტალიის სუპერთასი, 2 იტალიის თასი და უამრავი სასიამოვნო ეპიზოდი. 4 წლის მერე კი 105 მილიონ ევროდ იმავე „მანჩესტერს“ მიყიდეს.

ლუსიო

„ინტერთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი 2012 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ აღმოჩნდა. პეკინში, იტალიის სუპერთასზე მოედანზე იყო, მაგრამ მისი ტურინული კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. 4 თამაშის შემდეგ იმავე წლის დეკემბერში „სან პაულოში“ გადავიდა.

რეტო ციგლერი

2011 წლის ზაფხულში შვეიცარიელმა „სამპდორიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „იუვენტუსს“ შუეერთდა. „ბიანკონერიში“ 2014 წლამდე დარჩა, მაგრამ ამ პერიოდში იჯარით „ფენერბახჩეში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „სასუოლოში“ თამაშობდა.

ანდრეა პირლო

„მილანში“ გატარებული 9 სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ 2011 წლის ზაფხულში აღმოჩნდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. პირლოს „იუვეში“ მეორე ახალგაზრდობა დაუდგა და 4 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა. 2015 წლამდე ლეგენდარულმა ნახევარმცველმა 4 სკუდეტო, 2 იტალიის სუპერთასი და 1 იტალიის თასი მოიგო. მერე კი ამერიკაში, „ნიუ-იორკ სიტიში“ წავიდა.

ლუკა ტონი

2011 წლის ზამთარში ლუკა ტონიმ „ჯენოასთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და „იუვენტუსში“ გადავიდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ბიანკონერიში“ 2012 წლის იანვრამდე დარჩა და სერია A-ში მე-100 გოლი სწორედ „იუვეს“ მაისურით გაიტანა. მერე კი „ალ-ნასრის“ წევრი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …