იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ნიჭიერი კარის დარაჯის აგენტი მინო რაიოლა ტურინში იმყოფებოდა და „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრის ერთ-ერთი თემა დონარუმას საკითხიც იყო. მას „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. „როსონერი“ მეკარეს ხელფასის სახით მაქსიმუმ 8 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ფეხბურთელი 12 მილიონ ევროს ითხოვს.
თუ კონტრაქტი არ განახლდება, დონარუმა თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს დატოვებს. ამიტომაც, „იუვეს“ წარმომადგენლები სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან. 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და შავ-წითელთა ღირსება 243 მატჩში დაიცვა, იტალიის ნაკრებში კი 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული.